logo_geo
eng_logo
მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
- +

22 თებერვალი. 2020. 14:56

 

 

საჩხერეში მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ არასრულწლოვანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

 

სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, დახურულ რეჟიმში გაიმართა. პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

 

სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

 

არასრულწლოვანის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი ესმა ნორაკია იცავს. როგორც ადვოკატი აცხადებს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. მომდევნო პროცესი 40 დღის ვადაში გაიმართება.

 

ოჯახი დაკავებულის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. როგორც დაკავებულის ბიცოლა ამბობს, მისი გამართლება, არასრულწლოვნის სტატუსის გამო, დაუშვებელია და მას სასჯელის მაქსიმალური ზომა უნდა შეეფარდოს.

 

მამის მკვლელობაში ბრალდებულის ნათესავების თქმით, ვინაიდან ბრალდებულმა „მამა სასტიკად მოკლა“,  ის საფრთხეს წარმოადგენს სხვებისთვისაც. 

 

მკვლელობა საჩხერეში 18 თებერვალს მოხდა, შვილმა მამა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი სარდაფში დამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს, მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა.

 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner