logo_geo
eng_logo
ილია ფერაძე: არავინ იცის „ყვავილების ქვეყანას“ სიტყვების ავტორის - ბიძინა ფერაძის სახელი...
- +

29 თებერვალი. 2016. 13:12


„ასე მოაგებინა „ყვავილების ქვეყანამ" ბატონ ჯანოს (ბაგრატიონი) პურმარილი", - გთავაზობთ ილია ფერაძის მოგონებას სიმღერის - „ყვავილების ქვეყანას" შექმნის თაობაზე:



„20 დეკემბერს შესრულდა 50 წელი, რაც მამაჩემმა ბიძინა ფერაძემ ეს ქვეყანა დატოვა და მარადიულ ყვავილების ქვეყანაში გაემგზავრა. ამავ დღეს შესრულდა 20 წელი ჩემი ძმის გია ფერაძის გარდაცვალებიდან.


საფოსტო რეაგირებების რაოდენობის მიხედვთ, ჩემს მიერ მოწოდებულ კამპანიას „ყვავილების ქვეყანაზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს კიდევ იმიტომ მიხარია, რომ თითქმის არავინ არ იცის XX საკუნის საუკეთესო ქალაქური სიმღერის „ყვავილების ქვეყანას" სიტყვების ავტორის ბიძინა ფერაძის სახელი. გასული საუკუნის 60-იან წლებში, მამას გარდაცვალების შემდეგ, ფირმა „მელოდიამ" გამოუშვა „ორერას" ფირფიტა, სადაც ეწერა „ყვავილების ქვეყანა" სიმღერა (ხალხური). დედაჩემმა - თინა ჟორჟოლიანმა ერთი ამბავი ატეხა და მაშინ საავტორო უფლებების სააგენტოში „მთავლიტში" მიიტანა მამას ხელით დაწერილი პირველი ხელნაწერი ტექსტი, ამასთან ამ სიმღერის პირველი და განუმეორებელი შემსრულებელი დიდი ჯანო ბაგრატიონი ცოცხალი იყო. მანაც დაადასტურა მამას საავტორო უფლება და გაიცა ცნობა სიმღერის ავტორის შესახებ, რომელიც დღეს დიდი სასოებით ჩემთან ინახება.


მავანი იკითხავს, რა ამბავი ატეხა მამამისზე ამ ილიკომო!? მათთვის საპასუხოდ მინდა მოვიყვანო სწორედ ამასწინათ ინტერნეტ პორტალ „რეპორტიორზე" დადებული, ვალერი ხაბურძანიას რეპლიკა აკა მორჩილაძის ნარკვევზე ქუთაისის და ქუთაისელების შესახებ, გირჩევთ, თქვენც წაიკითხოთ: http://reportiori.ge/?menuid=48&id=84339


ბატონი ვალერი ხაბურძანია წერს:


„აკა მორჩილაძე -(იგივე გიო ახვლედიანი) - ბატონი ზურა ახვლედიანის შვილია და არა ბატონი ზურაბი - გიო ახვლედიანის მამა! ლევან სანიკიძისგან (დავიდოვიჩი) გამიგია, ლექციას კითხულობს თურმე ალექსანდრე მაკედონელზე და თავისი ტკბილად მჭექარე ხმით შესძახა თურმე ფიზიკის დიდ აუდიტორიას (უნივერსიტეტის ცნობილი აუდიტორია): და იცით ვინმემ ადამიანი უფრო დიდი, ვიდრე ალექსანდრე მაკედონელი იყოო და რას ვხედავო, ერთი სტუდენტი, „მთელი წელი ხმა რომ არ გაუღია", ხელს იწევს. შენ ახალგაზრდავ (მთელი წელი ხმა რომ არ გაგიღია - ეს გულში გაიფიქრა, აბა სტუდენტს ხომ არ აკადრებდა ბატონი ლევანი?!), ვინ იცი ალექსანდრე მაკედონელზე დიდი კაცი?! სტუდენტი წამოდგა ზლაზვნით და უთხრა - მამაჩემი იყო, პატივცემულო, ალექსანდრე მაკედონელზე დიდი კაციო! ხმა ვერ გავიღე და ლექცია დავასრულეო, ჰყვებოდა ბატონი ლევანი."


ჩვენც ხომ იმავე აზრისანი ვართ ჩვენს მამებზე, და არც მე ვარ გამონაკლისი!


ბოლო რამდენიმე დღეა „ყვავილების ქვეყანას" სხვადასხვა ვარიანტები დავდე ფეისბუქზე: (აქვე მინდა მადლიერება გამოვთქვა ფეისბუქის შემქმნელისადმი. ეს პორტალი ზუსტად ქართველებისთვისაა შექმნილი სასიყვარულოდ და საჭორაოდ და მისი შემქმნელის ბაბუაც ალბათ ქართველი იყო და შვილიშვილსაც ბაბუას სახელი დაარქვეს: მარკ ცუკერბერგი - ქართულად, მარკოზ შაქარაშვილი, ახლა მას შვილი ეყოლა, რასაც ვულოცავ და შვილის საქართველოში მონათვლასაც ვუსურვებ!!??).


ინტერნეტში არსებული სიმღერის ყველა ვარიანტი ამოვკრიფე: სუფრულ-ქალაქური - გარმონზე შესრულებული, საესტრადო, ქართულ-მონღოლური ლირიკული, მულტიპლიკაციური, ევროპული გაფორმებით და აზიური შესრულებით, საფესტივალო და საოპეროც კი! ზოგი მათგანი სხვადასხვა სიტყვებით და ინტერპრეტაციით იყო შესრულებული კაცების და აგრეთვე შესანიშნავ მომღერალ ქალთა მიერ...


ხშირად დავფიქრებულვარ, რამ გამოიწვია ამ სიმღერის ასეთი პოპულარობა, რომ იგი თითქმის 70 წელია, დღემდე წარმატებით იმღერება, თითქმის იმავე სიტყვებით.


გთავაზობთ ჩემს ნაფიქრალს: თითოეული ქართველის გენში პოეზია და სიყვარულის გრძნობა სისხლხორცეულადაა შეზრდილი. ქართველს 10-ჯერ მეტი მტერი ძალით ვერ დააჩოქებდა (თუ არ გავიხსენებთ უკვე ამ საუკუნეში დაკნინებული ჯარისკაცების სამარცხვინო დაჩოქებას ცხინვალში). ქართველი უმალ შეაკვდებოდა მტერს, ვიდრე ქედს მოიხრიდა (სწორედ ამან მოგვიყვანა დღემდე), ხოლო სიყვარულისთვის იგი მზად იყო, რაინდულად, ჩოქვით შემოევლო ყვავილების მდელო და საყვარელი არსებისათვის თაიგული მიეძღვნა. ამიტომ ჩვენთვის ახლობელია სიმღერის ლამაზი მელოდია და მასთან ორგანულად შერწყმული, არტისტული ლირიკული ტექსტი: „ყვავილების ქვეყანა, ჩოქვით შემოვიარე..."; („ია ტაკ დუმაიუ!").


სიმღერის პირველი შემსრულებელი იყო დიდი ჯანო ბაგრატიონი. პრემიერა შედგა ქუთაისში, სადაც პირველ გასტროლზე ჩავიდა ე.წ. ჯანოს ჯაზი, პირველი საქართველოში და ერთ-ერთი, პირველი უტიოსოვის ჯაზ-ორკესტრთან ერთად სსრკ-ში. როგორც დიდი ჯანოს შვილი პატარა ჯანო ბაგრატიონი, ცნობილი სპორტსმენი, მომღერალი, საქართველოში ოლიმპიური კომიტეტის თავკაცი, იგონებს, მაშინ ჯანოს ანსამბლში იყო წამყვანი მომღერალი, უაღრესად სიმპათიური მსახიობი თემო ხელაშვილი, რომელსაც ხალხი ოვაციებით ხვდებოდა და ერთ სიმღერას ბევრჯერ ამეორებინებდა. დიდი ჯანო სცენაზე გასვლის წინ თემოს დაენიძლავა, რომ ახალ სიმღერას „ყვავილების ქვეყანას", მასზე მეტჯერ გაამეორებინებდა პუბლიკა. მართლაც, გავიდა თემო ხელაშვილი და იგი 9-ჯერ გამოიძახეს, ხოლო როცა ჯანომ დაამთავრა „ყვავილების ქვეყანა", დარბაზი კინაღამ დაინგრა ოვაციებით და იგი 12-ჯერ გაამეორებინეს ქუთათურებმა. ასე მოაგებინა „ყვავილების ქვეყანამ" ბატონ ჯანოს პურმარილი.


თავდაპირველად ბიძინა ფერაძის ტექსტი ასეთი იყო:


ყვავილების მეუფევ


ყვავილების მეუფევ, თვალნი დამიზიანე,

რომ მითხარ, მალე მოვალ, რატომ დაიგვიანე.

შენთვის დაკრეფილი მაქვს ნარნარი ყვავილები

მინდა გულზე დაგაკრა, ვით ლამაზი ღილები.

აი, რისთვის დაგეძებ, რატომ დავიარები

და რატომ მელანდება შენი გიშრის თვალები.


შენი თვალების ეშხი, ნეტავ რად დაინანე,

ნეტავ ახლა ვის უმზერ, მითხარი გენაცვალე.

მე მიყურე მხოლოდ მე, მაკმარე, რაც მაწამე,

ჩემი გულის საუნჯევ, შენს თვალებს ვენაცვალე.


შენს ლოდინში წალკოტი ჩოქვით შემოვიარე

გიცდი და არ მოხვედი, რატომ დაიგვიანე.

ყვავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე....

რომ მითხარ, მალე მოვალ, ჭირიმე, რატომ დაიგვიანე.


მერე და მერე სხვადასხვა შემსრულებლებმა ზოგი ამოიღეს, ზოგმა თავისი კუპლეტები დაამატეს, მაგრამ ძირითადი მაინც ბიძინა ფერაძისეული ტექსტი დარჩა : „ყვავილების ქვეყანა ჩოქვით შემოვიარე..."


ჩემმა ძმამ, გაციმბირებულმა გია ფერაძემ, იაკუტიის კოლონიაში ყოფნისას მოისმინა ეს სიმღერა რუსულად „ორერას" ს შესრულებით და შემდეგ ლექსიც კი მიუძღვნა მას:


ჩემს საყვარელ მამას!

ისმის შენი მელოდია

იაკუტიის მიწა-წყალზე.

დიდი ხნის წინ რომ დაწერე,

ყვავილების ქვეყანაზე.


"ყავილების მეუფევ,

თვალნი დამიზიანე,

რომ მითხარ, მალე მოვალ,

რატომ დაიგვიანე".


თქვენგან ეხლა რა შორსა ვარ,

მაგრამ მამა მიდგას თვალწინ,

ეს სიმღერა უკვდავია,

როგორც ახლა, ისეც მაშინ.


მამა! სანამ მე ვსულდგმულობ,

ეს სიმღერა არ მოკვდება,

მე წავალ და როგორც გვარი

ზუსტად ისე გაგრძელდება.

"შენთვის დაკრეფილი მაქვს,

ნარნარი ყვავილები,

მინდა გულზე დაგაკრა,

ვით ლამაზი ღილები".


სანამ ქვეყნად იქნება

ველი, მდელო, ეს ყანა,

იქამდე იარსებებს

"ყვავილების ყვეყანა"


"ყვავილების ქვეყანა, ჩოქვით შემოვიარე",

ეხლა ვნანობ, მამიკო, კოცნა დაგიგვიანე...

რის თვალები, რის თავი....

გული დამიზიანე.


იაკუტია, უყვავილო კოლონია 1989


მაპატიეთ, ჩემო ფეის-დრუგებო! ცოტა მეტად გადავვარდი ემოციებში. ამით ვამთავრებ „ყვავილების ქვეყანაზე" კლიპების გამოქვეყნებას და გთავაზობთ, ჩემი აზრით, ავტორთან ყველაზე დაახლოვებულ, საუკეთესო შესრულებას. მღერის პატარა ჯანო ბაგრატიონი, მამამისის დიდი ჯანოს საიუბილეო კონცერტზე.


გმადლობთ, ვინც გაიზიარეთ!" - წერს ილია ფერაძე.



მღერის პატარა ჯანო ბაგრატიონი

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner