თვითმფრინავისა და ფრინველების შეჯახების პრობლემა სათავეს ავიაციის დაბადებიდან იღებს. Bird strike-ის შესახებ პირველად 1905 წელს ძმები რაიტებიდან ერთ-ერთმა განაცხადა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ოჰაიოდან მომავალმა სიმინდის ყანებს გადაუფრინა. შვიდი წლის შემდეგ კი პირველი ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა: სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე ერთმანეთს თვითმფრინავი და თოლია შეეჯახნენ. ამ დროისთვის ბორტზე ერთადერთი ადამიანი - პილოტი იმყოფებოდა და ის დაიღუპა.
მეოცე საუკუნის შუახანებიდან რეაქტიული ძრავების ეპოქა დაიწყო, რამაც სამგზავრო ავიაგადაზიდვებს მძლავრი ბიძგი მისცა. IATA-ს ცნობით, 1980 წლისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით 18 მილიონი ავიარეისი სრულდებოდა, უკვე 2018 წლისთვის კი-46 მილიონი. სტატისტიკის მიხედვით, ზედიზედ მეხუთე წელია, რაც მსოფლიოს ავიაკომპანიები დღეში 100 000-ზე მეტ რეისს ახორციელებენ. თუ თქვენ გახსნით აპლიკაცია Flightradar24-ს, გაგაოგნებთ თვითმფრინავების ის რაოდენობა, რომელიც სწორედ ამ მომეტშია ჰაერში.
როგორია სტატისტიკური მონაცემები?
გასული წელი მსოფლიო ავიაციაში რეკორდული იყო არა მარტო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით - 4.3 მილიარდი ადამიანი, არამედ ჩიტებთან შეჯახების შემთხვევებითაც. ამ მხრივ სპეციალისტები რამდენიმე კომპონენტს გამოყოფენ. პირველ რიგში, საავიაციო სამსახურები აკვირდებიან თვითმფრინავების შეჯახებას ზოგადად გარეულ ცხოველებთან (მაგალითად, აფრიკაში ეს შეიძლება იყოს მარტორქა, რომელიც ასაფრენ ბილიკზეა გამოსული), თუმცა მსგავსი შემთხვევების თითქმის 95% ფრინველებზე მოდის. მეორე მხრივ, მსგავს შეჯახებებს ყველა ქვეყანა კეთილსინდისიერად არ აფიქსირებს. სწორედ ამის მაგალითია ის ფაქტი, რომ მსგავსი ინციდენტების 70% ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის. ასე რომ, სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტური სიზუსტით ვერ დაიკვეხნის.
ICAO-ს ანგარიშის მიხედვით, რომელიც 91 ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა, 2008-2015 წლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით თვითმფრინავისა და გარეული ცხოველების შეჯახების 97 751 შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ყოველ წელიწადს საშუალოდ 12 218 ინციდენტი მოხდა. შედარებისთვის: 2001-2007 წლებში 2,3-ჯერ ნაკლები მსგავსი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 97 751 შემთხვევიდან მხოლოდ მესამედი გახდა თვითმფრინავის სხვადასხვა დონის დაზიანების მიზეზი: სრული გაუმართაობა - 0,05%, თვითმფრინავის უმნიშვნელო და პრაქტიკულად შეუმჩნეველი დაზიანება - 92%. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2501 შემთხვევაში შეჯახებამ ფრენაზე გავლენა იქონია, რამაც ავარიული დაშვება (49%) გამოიწვია, 20%-ის შემთხვევაში აფრენა ვერ მოხერხდა და 3%-ის შემთხვევაში ძრავები გაითიშა.
თვითმფრინავისა და ფრინველის შეჯახება სეზონურია?
ფაქტობრივად, კი. ყველაზე ხშირად ფრინველებთან შეჯახება ზაფხულის თვეებში ხდება, კულმინაციას კი აგვისტოში აღწევს. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ სწორედ ამ დროს იწყებენ ფრენას გამოუცდელი ახალგაზრდა ჩიტები, ასევე გადამფრენი ფრინველების ნაკადი სამხრეთისკენ მიემართება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევების 40% სწორედ გადამფრენ ფრინველებზე მოდის. შეჯახების შემთხვევების 80% 500 მეტრის სიმაღლემდე ხდება, ესე იგი თვითმფრინავის აფრენის ან დაფრენის დროს. ფრენის ეს ეტაპები ფრინველების გარეშეც ყველაზე რთულად ითვლება.
შემდეგი საინტერესო დოკუმენტი არის FAA-ს ანგარიში, რომელშიც 1999-2018 წლებში აშშ-ის სამოქალაქო ავიაციაში გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული ინციდენტებია განხილული. ექსპერტები პირველ რიგში შეგვახსენებენ, რომ 2018 წელი ორნიტოლოგიური საზოგადოებისთვის ნიშანდობლივი იყო, რადგან 100 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც გადამფრენი ფრინველების დაცვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ინიციატივით დიდი ბრიტანეთი და აშშ გამოვიდნენ, მათ შეუერთდნენ მექსიკა, რუსეთი და იაპონია. ეს აქტი ფრინველების დაცვის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მათ აძლევს საშუალებას უპრობლემოდ გადაადგილდნენ, დაიბუდონ და გამრავლდნენ. თუმცა რაც უფრო კარგად არიან ფრინველები, მით უფრო მრავლდებიან და შესაბამისად, ავიაციისთვის რისკიც იზრდება.
2018 წელს FAA-მ გარეულ ცხოველებთან შეჯახების 16 020 შემთხვევა დააფიქსირა, აქედან 15 799 ფრინველი იყო. FAA აწარმოებს ანგარიშს თვითმფრინავებისა, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე დაფრინავენ, ასევე აკვირდება იმ თვითმფრინავებსაც, რომლებსაც სხვა ქვეყნებში ამერიკული რეგისტრაცია აქვთ. 2017 წელს თუ შევადარებთ, ეს მაჩვენებელი 9%-ით მეტია, მაგრამ 1990 წელთან შედარებით 9-ჯერ არის გაზრდილი. რაც შეეხება თვითმფრინავების დაზიანებას, მათი რაოდენობა 2000 წლიდან 741-დან 684-მდე შემცირდა.
შეჯახებით გამოწვეულ საფრთხეებზე ფრინველის ზომა მოქმედებს?
დიახ. FAA-ს ანგარიშის ავტორები შეშფოთებული არიან იმით, რომ თვითმფრინავში დიდი მოცულობის ფრინველების მოხვედრა სულ უფრო ხშირდება. ესენი არიან ბატები, იხვები, თოლიები და სხვები, რომელთა წონაც 1 კილოგრამზე მეტია. ეს კი სერიოზულად აზიანებს თვითმფრინავის ფრთას, ძრავას, რასაც თავის მხრივ ადამიანისთვის ფატალური შედეგის მოტანა შეუძლია (შეჯახების დროს ფრინველი ყოველთვის იღუპება). დიდი ფრინველების პოპულაცია ისევე სწრაფად იზრდება, როგორც მათი ადაპტაცია აეროდრომებისა და კოსმოდრომების ახლომახლო ბინადრობისთვის. მაგალითად, 2005 წელს ფლორიდაში კოსმოსურ შატლ Discovery-ს დედამიწიდან აფრენის მომენტში რამდენიმე მტაცებელი ფრინველი შეეჯახა.
წიგნში „Bird Strike in Aviation: Statistics Analysis and Managemen“ მოცემულია ფრინველების მიერ გამოწვეული ავიაკატასტროფების სტატისტიკა. 1911 წლიდან (სწორედ ამ წელს მოხდა პირველი ფატალური შემთხვევა) მოხდა 55 უბედური შემთხვევა, რომელთა შედეგადაც 277 ადამიანი დაიღუპა. ყველაზე სერიოზული ავიაკატასტროფა 1960 წლის 4 დეკემბერს მოხდა. „Eastern Airlines“-ის თვითმფრინავის აფრენისას შოშიების უზარმაზარი გუნდი ოთხივე ძრავაში შეფრინდა. ძრავები მწყობრიდან გამოვიდა და თვითმფრინავი ბოსტონში ჩამოვარდა. ბორტზე იმყოფებოდა 62 ადამიანი, რომელთაგან ყველა დაიღუპა.
Aviation Safety Network-ის მონაცემებით, 1959-დან 2018 წლამდე მთელ მსოფლიოში მოხდა1569 ავიაკატასტროფა, რომელთა შედეგადაც 30 090 ადამიანი დაიღუპა.
ფრინველის მთავარი მტერი ისევ ფრინველია?
თვითმფრინავთან ფრინველების შეჯახება პრობლემა უკვე 100 წელზე მეტია აქტუალურია, მაგრამ მისი მოგვარების გარანტირებული მეთოდი დღემდე არ არსებობს. სხვადასხვა ეტაპზე ძრავებისა და თვითმფრინავების მწარმოებლები, ავიაკომპანიები და აეროპორტები შეჯახების ალბათობისა და ამით გამოწვეული შედეგების მოცულობის შემცირებას ცდილობენ.
ფრინველთან შეჯახების შემდეგ, ფრენისას, ყველაზე სახიფათოა თვითფრინავის ძრავების გათიშვა, განსაკუთრებით, თუ ეს რამდენიმე მათგანს ეხება. ICAO-ს მონაცემებით, ბოლო წლებში მომხდარი შემთხვევების მხოლოდ 0,1%-ზე ნაკლები იყო მსგავსი სიტუაცია. თუ ერთი ძრავა გაითიშა, ექსტრემალური დაშვების მოთხოვნით, უახლოეს აეროპორტამდე მიფრენა შესაძლებელია, ორი ძრავის გათიშვის შემთხვევაში კი თვითმფრინავი დაუყოვნებლივ უნდა დაჯდეს და საამისოდ პილოტმა მეტ-ნაკლებად მისაღები ადგილი შეარჩიოს. 2009 წელს ნიუ-იორკში ასეთი აღმოჩნდა მდინარე, 2019 წელს რუსეთში კი - სიმინდის ყანა.
ცაში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საჭირო ზომებს მიწაზე იღებენ. ფრინველების შესაშინებლად რამდენიმე მეთოდს იყენებენ: პროპანის იარაღი (გაზის მეშვეობით ის გამოსცემს ხმებს, რომელიც 1 კმ-ის დაშორებით ისმის), ბიოაკუსტიკური მოწყობილობა, რომელსაც მოსალოდნელი საფრთხის წინ სხვადასხვა ფრინველის მიერ გამოცემული განგაშის სიგნალის იმიტაცია შეუძლია და ასკუსტიკური მოწყობილობა, რომლითაც გასროლის იმიტაციაა შესაძლებელი. ამავე დანიშნულებით გამოიყენება მარტივი ტექნიკური საშუალებები: სარკისებრი ბურთები, რომლებსაც მტაცებელი ფრინველის თვალები აქვს, ბრჭყვიალა ლენტები და სხვ.
აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ შეშინების მეთოდები პერიოდულად უნდა შეიცვალოს, რადგან ფრინველები სწრაფად ადაპტირდებიან. ექსპერტების განმარტებით, ისინი თვითმფრინავის ხმაურს მალევე ეჩვევიან. სწორედ ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკებიდან 3 მეტრის დაშორებით ხშირია ფრინველების ბუდეების აღმოჩენის ფაქტები.
პროფილაქტიკის მეთოდებს შორის შეჩვევის ეფექტი არ აქვს კონტაქტურ საშუალებას, რაც მტაცებელი ფრინველების გამოყენებას გულისხმობს. ორნიტოლოგიის ეს მეთოდი აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წელზე მეტია გამოიყენება და ის ეფექტიანია, რადგან ჩიტებს ყოველთვის ეშინიათ იმ არსებების, ვინც მათ კლავს.
არსებობს თუ არა გამოსავალი?
საუკუნეების განმავლობაში ადამიანი უყურებდა ფრინველს და შურდა, რომ მასავით ფრენა არ შეეძლო. პირველი საფრენი აპარატიც სწორედ ჩიტის მაგალითზე და მის მსგავსად შეიქმნა. დოკუმენტი, რომელიც თვითმფრინავმშენებლობის განვითარების ფუნდამენტად იქცა, ჯერ კიდევ 1505 წელს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა. მან ნაშრომს „ფრინველთა ფრენის კოდექსი“ დაარქვა. და ვინჩიმ დეტალურად აღწერა ეს პროცესი და თან ნახატები დაურთო.
თუმცა მეოცე საუკუნეში ადამიანი გაფრინდა თუ არა, ფრინველები შთაგონების წყაროდან საშიშ მოწინააღმდეგეებად იქცნენ. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ეს კონფლიქტი კი არ მოგვარდა, პირიქით - სულ უფრო მწვავდება. ადამიანები ახალ ტერიტორიებს ითვისებენ, ფრინველები კი ქალაქის პირობებს ეჩვევიან, ეძებენ საკვებსა და ადგილს დასაბუდებლად. შეიძლება ადამიანმა მომავალში ჩიტების შესაშინებლად მიწაზე ან ცაში პრინციპულად ახალი მეთოდი გამოიგონოს. ეს ასე მოხდება თუ არა, არც ფრინველები და არც ადამიანები ფრენას ნამდვილად არ შეწყვეტენ. რჩება მხოლოდ ერთი რამ - ერთ სიმაღლეზე შეხვედრა როგორღაც თავიდან ავირიდოთ.