„უნივერსიტეტის ბიუჯეტი არ უნდა იყოს მორგებული ცალკეული პრივილეგირებული, ვიწრო ინტერეს-ჯგუფების პირად საჭიროებებს და არ უნდა იქცეს მათი ჰედონისტური მისწრაფებების რეალიზაციის ინსტრუმენტად", - ამის შეასახებ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატმა, ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ვახტანგ ანთიამ განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია იმ ბიუჯეტზე, რომლის ფორმირებაშიც სერიოზული წვლილი შეაქვთ სტუდენტებს.
„ისინი, მშობლებთან ერთად დიდი სირთულეების დაძლევით, ძალისხმევით და რუდუნებით აკუმულირებულ ფულს იხდიან სწავლის საფასურის სახით და ავსებენ უნივერსიტეტის საერთო „ყულაბას". ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მერე საუნივერსიტეტო თემის რომელიმე „ელიტარულმა" ნაწილმა ეს სიკეთე გაანივთოს აკადემიური ფორმატიდან მეტად განკერძოებული ინტერესების რეალიზაციაში? არა, რა თქმა უნდა. ეს მავნე პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. საუნივერსიტეტო რესურსები უნდა მოხმარდეს სასწავლო პროცესის და სამეცნიერო კვლევების ხარისხის თვისებრივ გაუმჯობესებასა და განახლებას, ამ პროცესში სტუდენტობის სრულფასოვან ჩართვას. უნივერსიტეტის ფინანსების განკარგვის მექანიზმი უნდა დაეფუძნოს თანაბარი ხელმისაწვდომობის, კონკურნციისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს. სტუდენტური პროექტების დაფინანსება უნდა განხორციელდეს კონკურსების საფუძველზე, სპეციალიზებული საბჭოს მიერ, რომელშიც აუცილებლად იქნებიან წარმოდგენილი სტუდენტებიც", - აცხადებს ანთია.