გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის განაპირას, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული არასრულწლოვანი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ დაკავებული მოზარდის ახლობლებმა განაცხადეს.
კირბალის მცხოვრები, 17 წლის ალიკა შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად სოფლის სიახლოვეს მდებარე ტყიან ფართობში იმყოფებოდა შეშის შესაგროვებლად, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანი პირები გამოჩნდნენ. შიუკაშვილის თანმხლებმა პირებმა გამოქცევა შეძლეს, არასრულწლოვანი კი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს და დე-ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.
ალიკა შიუკაშვილის ოჯახი სოფლის განაპირას, გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხოვრობს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე იყო დაკავებული 17 წლის მოზარდის მამაც.