„იმ ჯგუფს, რომელიც ოპოზიციის სახელით ლაპარაკობს, აინტერესებს არა არჩევნები და მშვიდობიანი პროცესი, არამედ დესტრუქცია, დაძაბულობა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეწყვეტილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთავაზება ძალაში რჩება.
„მმართველი გუნდი ითვალისწინებს როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სწორ პოზიციას, ასევე ჩვენი საზოგადოების სურვილს, რომ საარჩევნო სისტემაში იყოს წინსვლა. ჩვენი აზრით, სწორი, კომპრომისული ვერსია შევთავაზეთ საზოგადოებას პირველ რიგში, იმიტომ რომ იმ ოპოზიციურ ჯგუფს ვერ ექნება მონოპოლია პოლიტიკურ პროცესებზე. ჩვენ ეს შევთავაზეთ და ველით შემხვედრ პასუხს, მაგრამ მე მეჩვენება, რომ იმ ჯგუფს, რომელიც ოპოზიციის სახელით ლაპარაკობს, აინტერესებს არა არჩევნები და მშვიდობიანი პროცესი, არამედ დესტრუქცია, დაძაბულობა, ეს მეტ-ნაკლებად გამოჩნდა კიდეც, მაგრამ ჩვენი მხრიდან შეთავაზება რჩება და ჩვენ მივესალმებით, თუკი ოპოზიცია გადმოვა კონსტრუქციულ ფორმატში და ამ დესტრუქციულ და არეულობისკენ მიმართულ ზრახვებს გაანეიტრალებს“,- განაცხადა სესიაშვილმა.