ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტი ანდრეას კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი დღეს სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ. ევროსაბჭოს დელეგაციასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი იმყოფებოდნენ.
დელეგაციის წევრები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია პირველად ეწვია.
„საოკუპაციო ხაზთან ჩამოსვლა თავად ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის წარმომადგენლების სურვილი იყო. ისინი, ადგილზე გაეცნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას და კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირეს მათი უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს წევრის, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტის თამარ ტალიაშვილის თქმით კი, ქვეყნისთვის დასავლელი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
„აუცილებელია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ. სწორედ ამიტომ, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია ადგილზე გაეცნო ხურვალეთში, გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ვგრძნობთ“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
ევროსაბჭოს დელეგაციასთან ერთად, ხურვალეთში მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.