მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდება მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„აღნიშნულის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე აცნობა ირანულ ავიაკომპანიებს. ამასთან, ავიაკომპანიებს („Taban Airlines“; „Qeshm Airlines“; „Zagros“) შესაძლებლობა მიეცათ, ჩამოფრინდნენ საქართველოში ცარიელი ბორტებით და უზრუნველყონ საქართველოდან ტურისტების გადაყვანა ირანის მიმართულებით. შეზღუდვა მოქმედებს ირანში შექმნილი ეპიდსიტუაციის რისკების შემცირებამდე.
საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას, ასევე განაგრძობს მუშაობას მეზობელ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და მომავალში თუ ამის საჭიროება დადგა, არ გამოვრიცხავთ სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვაც.
საქართველოს მთავრობა მუდმივ კავშირზეა როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებთან ვირუსის გავრცელების მასშტაბების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით. როგორც ცნობილია, ამჟამად კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთის შემდგომ დაფიქსირდა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობა მუდმივად კავშირზეა ირანის ხელისუფლებასთან, რათა ოპერატიულ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მდგომარეობის და მიმდინარე საპრევენციო ღონისძიებების შესახებ. არსებული ინფორმაციით ირანის მთავრობა მიმართავს ყველა ზომას კორონავირუსის შემთხვევების შემდგომი ზრდის პრევენციისთვის, ასევე აწარმოებს ირანიდან გამავალი მგზავრების სქრინინგს. ამის მიუხედავად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდოს ფიზიკური პირების გადაადგილება ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით.
ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ირანში მგზავრობისგან, ხოლო იქ მყოფ მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დახმარებისთვის დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.