მხატვარმა ნიკუშა შენგელიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური რუკიდან.
„თუ ამნეზია არ დაგვემართა, „ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში დაბრუნება არ უწერია. სააკაშვილი პოლიტიკური ავანტიურისტია და რეალობას აცდენილი. მისი გამოსვლები იგივეა, ქუჩაში ვიღაცამ საკუთარ თავზე ხმამაღლა ილაპარაკოს. ისევ ტივტივი უნდა. ჰგონია, ხალხს მისი ნამოქმედარი დაავიწყდა. არ მაინტერესებს, რა მოელანდება, რა დაესიზმრება და დილით რას იტყვის - სააკაშვილის ტყუილების მოსმენის დრო არ მაქვს. უკრაინაში კარავში ცხოვრებაც მისი ჩვეულებრივი პოპულისტური ნაბიჯია. სააკაშვილი კი არა, მე ჩვენი მეგობარი მოძმე უკრაინელების ბედი უფრო მაღელვებს", - აცხადებს ნიკუშა შენგელაია.
შენგელაიამ ასევე, „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის გიორგი ვაშაძის შესახებაც ისაუბრა.
„ვაშაძე მიხვდა, რომ ვერ მოვა და სხვა გზას ეძებს. პოლიტიკურ სივრცეში უნდა დარჩენა. „ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური რუკიდან. არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდად და არა მუშტი-კრივში. „ნაციონალებისთვის" პროვოკაცია ხელსაყრელია, ისინი მთავრობის შეცდომებით საზრდოობენ, ამიტომ „ოცნებას" შეცდომები არ უნდა მოუვიდეს. პირადად მე სრულიად რეალურად მეჩვენება „ოცნების" გამარჯვება, ვინაიდან მათ უკან სერიოზული საზოგადოება და ბიძინა ივანიშვილი დგას, როგორც მშვიდობის გარანტი. ხალხო, არ მოატყუებინოთ თავი იმათ, ვისაც რაღაც ძალებით უნდა სათავეში მოსვლა, ან მხოლოდ ტივტივებენ პოლიტიკურ გარემოში და საქმეს არ აკეთებენ", - განაცხადა ნიკუშა შენგელაიამ.