logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ტრამპმა სხვაგვარად გადაალაგა ჩვენი არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი 14 მლნ-იანი ბიუჯეტი
- +

23 თებერვალი. 2020. 23:42

უგულავას დაკავებაში ხელისუფლების ხეირს ვერ ხედავს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა. მისი განცხადებით, სააკაშვილი, რომელიც გამოეყო ოპოზიციას, ცალკე მუშაობს სახელმწიფო გადატრიალების სცენარზე, რადგან კარგად იცის, რომ სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, ხელისუფლებაში ვერ მოვა. „მას აქვს ერთი გზა - სახელმწიფო გადატრიალების გზა“.

 

 

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

 

 

- გიგი უგულავა ციხეში შეაბრუნეს; ნიკა მელიას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება; ევროკომისიიდან ჩამოდის სპეციალური ჯგუფი, რომელიც უგულავას დაკავების კანონიერებას შეისწავლის. ეს ყველაფერი ხდება წინასაარჩევნო პერიოდში და სწორედ ამან გააჩინა კითხვები ხელისუფლების მისამართით - ხომ არ დაიწყო ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების პროცესი?

 

 

- ირაკლი გოგავა: ქართველები ისე ვართ მოწყობილი, ისეთი ხასიათი გვაქვს, რომ არავის ციხეში ყოფნა არ გვიხარია. მე არ ვიცნობ ამ საქმის დეტალებს და სამართლებრივ შეფასებას ნამდვილად ვერ მივცემ, თუმცა აშშ-ში, ევროპაში გაჩნდა კითხვები დროსთან დაკავშირებით - რა პერიოდშიც მოხდა უგულავას დაკავება. ვფიქრობ, ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და ეს ხელისუფლების ვალდებულებაა. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ მოიწვიონ ევროპიდან წარმოადგენლობითი დელეგაცია, ეს ცუდი არ უნდა იყოს, რადგან ამ საქმეში საჭიროა მეტი გამჭვირვალობა. საკუთრივ, ხელისუფლების ხეირს უგულავას დაკავებაში ვერ ვხედავ. დაშინების და ტერორის პოლიტიკა რომ იყოს, მაშინ მედიასაც გააჩერებდნენ.

 

 

 - რამდენად შეიძლება, თავად უგულავა განვიხილოთ იმ ფიგურად, რომლის განეიტრალებაც ფორას მისცემს ხელისუფლებას?

 

 

- ვერ გეტყვით, უგულავას რა გავლენა ჰქონდა შიგნით,  ოპოზიციურ დაჯგუფებაში, თუმცა ცნობადი ფიგურაა და არჩევნებამდე 8 თვით ადრე, ჯობია, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს. საჭიროა, მეტი გამჭვირვალობა. ვფიქრობ, სწორია ევროპელი კოლეგების ჩამოყვანა. თუ ამერიკელებსაც მიაწვდიან იგივე ფორმით ინფორმაციას, ეს ცუდი არ იქნება.

 

 

 - ხელისუფლება ხომ არ კარგავს ნდობას საზოგადოებაში, როდესაც დაკავების კანონიერების შესასწვალად სპეციალური მისია ჩამოჰყავს ევროპიდან?

 

 

- ასე არ დავარქმევდი ამ საქმეს - სასამართლოა, ძიებაა, პროკურატურაა... საქართველოში სტრუქტურები მუშაობენ, მაგრამ ევროპელების ჩამოსვლა, უფრო გაცნობითი ხასიათის არის და არა კონტროლის. ისინი ძიებას ხომ ვერ ჩაატარებენ? ასეა თუ ისე, სუვერენული სახელმწიფო გვქვია.

 

 

 - პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომ უგულავას წელიწადი და 3 თვე შეუფარდა იმ საქმეზე, რა საქმეზეც უზენაესმა სასამართლომ 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეს, რაც ყველა ქვეყანაში მძიმე დანაშაულია. ამდენად, ხომ არ ფიქრობთ, ევროპელების მხრიდან, კითხვის ნიშნები საქართველოს ხელისუფლების მიმართ დაისვას - თავის დროზე,  პოლიტიკური მოტივებით ხომ არ მოხდა უგულავას განთავისუფლება, ან ახლა, სასჯელი ხომ არ მოეჩვენებათ არადეკვატური იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რა ბრალდებითაც დააკავეს?

 

 

-საქმე ისაა, რომ ეს პოლიტიკური ძალები, რომლებიც ტელევიზორში ერთმანეთს ლანძღავენ, კულისებს მიღმა ყველა ყველასთან საუბრობს და ეს ფაქტია. მე არ ვფლობ ინფორმაციას მიმდინარეობდა თუ არა ამ ე.წ. დაპირისპირებულ ძალებს შორის რაიმე საუბრები, თავის დროზე, უგულავას განთავისუფლებასთან დაკავშირებით და იყო თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება უგულავას განთავისუფლება. გამიჭირდება ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. ყველაფერი შეიძლება ვიფიქროთ, თუმცა ამ ინფორმაციას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ.

 

 

 - ამავე კითხვის კონტექსტში შეიძლება დავსვათ კითხვა, ხომ არ იყო უგულავას თემასთან ბმაში „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა, პროპორციული არჩევნების თემა და ა.შ. თუ კარგად დავაკვირდებით პროცესების განვითარებას, რჩება შთაბეჭდილება, რომ თავის დროზე რაღაცაზე  გარიგდა ხელისუფლება და ოპოზიცია, უფრო სწორად, „ევროპული საქართველო“, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულა. არ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში პროპორციული არჩევნების თემა თითიდან გამოწოვილია და დაპირიპირების მიზეზი უფრო ღრმაა?

 

 

- თავიდან, 2015 წლიდან შეგდა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ლიბერალური ძალები წარმოდგენილი ყოფილიყვნენ მომავალ ხელისუფლებებში, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ლიბერალებს არ აქვთ მასობრივი მხარდაჭერა ხალხში. შესაბამისად, მათ დაიწყეს ფიქრი იმაზე, რა მოდელი მოეფიქრებინათ და როგორ მოეყვანათ ხელისუფლებში ან კოალიციურ უმრავლესობაში ეს ადამიანები. მარტო ხელისუფლებას არ აქვს პრობლემა, პრობლემა აქვს ოპოზიციასაც. ფაქტობრივად, ოპოზიცია დაჭაობდა, ათეული წლებია განახლება არ მომხდარა და შესაბამისად, მათ აქვთ პრობლემა, რომ, ელემენტარულად, მაჟორიტარული არჩევნები სადმე მოიგონ. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვერსად ვერ მოიგებენ მაჟორიტარები. ამიტომ გადაწყდა, რომ შემოეგდოთ პროპორციული არჩევნების თემა, ვინაიდან აქ უფრო მარტივია არაპოპულარული ადამიანების გაყვანა პარლამენტში, შემდეგ უმრავლესობის ფორმირება და რაღაცა მანდატების მიღება.

 

 

 - დაახლოებით იგივე სცენარი, როგორც 2012 წელს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და დიდი კოალიცია შევიდა პარლამენტში?

 

 

- რა თქმა უნდა. ბევრი პარტია და მათ შორის არაპოპულარული, 1%-იანი პარტიები შევიდნენ პარლამენტში და მინისტრის თანამდებობები მიიღეს. მსგავსი რამ ქმნის არასტაბილურობას საზოგადოებაში, ვინაიდან ასეთი ჯგუფები და ძალები არ წარმოადგენენ მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს. ეს ასეა ყველაგან და არა მარტო საქართველოში. ახლაც იგივეს მცდელობა იყო, თუმცა როგორც ჩანს, „ოცნების“ ხელისუფლებამ გადაიფიქრა და დატოვა შერეული სისტემა.

 

 

 - ლიბერალურ ძალებზე როცა საუბრობთ, ალბათ, „ევროპულ საქართველოს“ გულისხმობთ. მათი პარლამენტში შეყვანის მცდელობა „ოცნების“ ინიციატივა იყო, თუ დასავლეთიდან მოდიოდა რეკომენდაცია?

 

 

- რა თქმა უნდა, მედიატორი იყო დასავლეთის ლიბერალური და გლობალისტური წრეები, რომელსაც დიდი ხანია გავლენები აქვთ საქართველოშიც, უკრაინაშიც და აშშ-შიც. თუმცა, 2016 წელს ტრამპის მოსვლის შემდეგ, ეს შეიცვალა, ნელ-ნელა, პლანეტარული მასშტაბით ხდება ამ ლიბერალური გავლენის ჯგუფების შევიწროება და პირველ რიგში - აშშ-ში. ტრამპმა დაიწყო დიდი წმენდა. პირველ რიგში, ეს შეეხო უშიშროების საბჭოს - დაითხოვა ის ხალხი, ვინც კლინტონის და ობამას დროს იყო იქ მოწყობილი, 70 ადამიანი დაითხოვა. როგორც ჩანს, წმენდის შემდეგი ეტაპი შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტს და მასთან აფილირებულ სტრუქტურებს, მაგალითად USAID-ს. ჩვენ გვახსოვს, როცა ტრამპის წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, მან სხვანაირად გადაალაგა USAID-ის ბიუჯეტი - საუბარია 14 მლნ დოლარზე, რომელიც 1 წლის განმავლობაში უნდა გადანაწილებულიყო ქართულ არასამთავრობო სექტორზე. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ტრამპმა ეს თანხები რამდენიმე წელზე გადაანაწილა. ეს პროცესები მიდის გლობალურად. როგორც ამბობენ, აშშ-ში გაზაფხულზე დაიწყება წმენდის მეორე ეტაპი და მესამე ეტაპი - ტრამპის არჩევნების შემდეგ.

 

 

- ტრამპის წარმომადგენლის ჩამოსვლა საქართველში და USAID-ს ბიუჯეტის გადალაგება, რამდენად დაეტყობა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს?

 

 

- ვფიქრობ, რომ უკვე დაეტყო. თუ გადახედავთ მათ პროფილებს სოციალურ ქსელებში, ნირწამხდარნი არიან, ვინაიდან რადიკალურად შეუმცირეს ერთი წლის 14 მილიონიანი დაფინანსება და გადაუნაწილეს რამდენიმე წელზე. ეს კი, ის ხალხია, რომელიც მსუყე დაფინანსების გარეშე თავს არ მოიკლავს.

 

 

 - 2012 წელი ახსენეთ, დღეს იგივე მოდელის გამოყენებას ცდილობს გაერთიანებული ოპოზიცია კოალიციას ქმნის. როგორ ფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატის მანდატს ვინმეს დაუთმობს? პრაქტიკულად, ოპოზიციაში დღეს ყველაზე წონიანი „ნაციონალები“ არიან და რამდენ ხანს გასტანს ოპოზიციის ერთიანობა, მიაღწევენ კი არჩევნებამდე?

 

 

- ოპოზიციური პარტიები თავთავიანთ დაჯგუფებაში აღიარებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის როლს და საკუთარ სისუსტეს. 0,3% და 0,1%-იანი პარტიები ათეულობითაა და ამ შემთხვევაში, მათი რეიტინგები მათემატიკურად არ იკრიბება. ცალ-ცალკე რომ გასულიყვნენ, ჯამში, მეტ ხმას აიღებდნენ, ვიდრე ასეთი გაერთიანებული ფორმატით და ეს ფაქტია.

 

 

სხვათა შორის, ბოკერია იძახის, რომ ჯობია ცალ-ცალკე გავიდეთო. სააკაშვილი კი, საერთოდ გამოეყო ამ ერთობას, ის უკვე ცალკე მუშაობს სახელმწიფო გადატრიალების სცენარზე. მესმის, ვერც ერთ სამართლიან არჩევნებში სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვა, ამიტომ მას აქვს ერთი გზა - სახელმწიფო გადატრიალების გზა.

 

 

 - საერთოდ, რას მიაღწევს გაერთიანებული ოპოზიცია. როგორც კი დაიწყო ლაპარაკი გაერთიანებაზე და საერთო მაჟორიტარ კანდიდატზე, ზუსტად, მეორე დღეს სააკაშვილმა თქვა, რომ ქმნის ცალკე შტაბს. ალბათ, მას სურს გაზომოს საკუთარი რეიტინგი, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს უკვე პირველი ნიშანია იმისა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვერანაირ საერთო კანდიდატზე ვერ შეჯერდება?

 

 

- ნებისმიერი კვლევა, რომელიც ქვეყნდება, აჩვენებს, რომ პარტიები არისან ყველაზე არაპოპულარული სტრუქტურები ქვეყანაში. ამხელა ნეგატივი არც ერთ სხვა სტრუქტურას არ აქვს. ხალხმა დაინახა, რომ პარტიები მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან და არა ხალხის ინტერესებისთვის. დღეს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ მეგულება პოლიტიკური პარტია, რომელსაც მოსახლეობის ისეთი ნდობა ჰქონდეს, რომ ხალხმა ქვეყანა ანდოს. აქედან გამომდინარე, ისინი ცდილობენ, რომ მღვრიე წყალში მაქსიმალურად დაიჭირონ თევზი. ქვეყნის ინტერესები მრავალჯერ აქვთ გაყიდული. ხშირად, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც ქვეყნისთვის არ არის საინტერესო. მსგავს სიტუაციაში არ ვფიქრობ, რომ ოპოიციური პარტიების კოალიცია სერიოზულ წარმატებას მიაღწევს, ან თუნდაც შეთანხმდებიან მთავარ პრინციპებზე ერთმანეთთან. თუ იდეოლოგიას, საგარეო ვექტორებს არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ რას აქვს მნიშვნელობა?! ამ ფსევდოერთობით ისინი ერთმანეთსაც აფუჭებენ. იმ დაბალ რეიტინგს კიდევ უფრო უგდებენ ერთმანეთს და ეს ფაქტია.

 

 

 - როდესაც ლიბერალებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოს“, რომელიც ახლა გამოჩნდა პოლიტიკურ ველზე. ვინიადან „ევროპულ საქართველოს“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს რეიტინგი, რამდენად შესაძლებელია გარედან მოხდეს „ლელოს“ რეკომენდირება?

 

 

- „ლელოს“ შეფასება რთულია. ისინი ხელისუფლებაში არ არიან ნამყოფები, მეტ-ნაკლებად ახალი ძალაა, თუმცა ფიგურები ნაცნობია ხალხისთვის და ხალხს თავისი შეხედულება აქვს ამაზე. ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით, ნაადრევია, ლელოს შეფასება. დროა საჭირო.

 

 

 - შეიძლება, როგორც პარტია „ლელო“ ახალია, მაგრამ თქვენც აღნიშნეთ, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს იცნობს საზოგადოება. რაც შეეხება მათ პოლიტიკურ ნაბიჯებს, ანაკლიი თემამ უკვე გამოკვეთა კონტურები.

 

 

- მე ამ თემებს არ გავაერთიანდები. სხვადასხვა განზომილების თემაა.

 

 

 - რატომ? დავიწყოთ იმით, რომ ხაზარაძე - ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამბობს: „თვალზე ცრემლები მადგება... სიღარიბისგან ხალხი წელშია გატეხილი“. ამ სიღარიბეში ჩვენს ბანკებს რომ ლომის წილი აქვთ, ალბათ, საკამათო აღარაა. რაც შეეხება ანაკლიას, ჩნდება განცდა, რომ ეს თემა სპეკულაციის საგანი იყო და პოლიტიკური ვაჭრობის მომენტებიც იკვეთებოდა ღიად. სხვანაირად როგორ გავიგოთ, ანაკლიის თემის ჩავარდნაში მხოლოდ ხელისუფლების დადანაშაულება, როცა თავად ანაკლიის კონსორციუმმა ინვესტორები ვერ დაარწმუნა, რომ თანხები მოეზიდა? სწორედ ეს არის საინტერესო, რამდენად შეიძლება „ლელო“ არსებულ ოპოზიციისა და ხელისუფლებისგან განსხვავებულ ძალად მივიჩნიოთ? საზოგადოება „იყიდის“ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ „მესამე ძალად“ შეფუთულ „ლელოს“?

 

 

- ქართულ პოლიტიკაში ყველა ცდილობს, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. რაც შეეხება ანაკლიას, 2014 წლიდან გამოცხადდა სახელმწიფოს მხრიდან ეს ინტერესი. ანაკლიის საერთაშორისო კონსორციუმი, ეს არის ბიზნეს ჯგუფთა ერთობა, რომელმაც უნდა მოაგროვოს ფული პორტის მშენებლობისთვის და ამაზე უნდა იშოვოს მოგება. ეს არის მთელი არსი. ვერ მოაგროვა, ვერ დაარწმუნა ინვესტორები. ხაზარაძის უახლოესი მეგობარი იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მის პირობებშიც ვერ მოხერხდა. დღეს ეს უკვე წარსულია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ მაინც უნდა გააკეთოს ეს პროექტი და პრინციპში, ამას აპირებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფოთის პორტს არ მიექცეს ყურადღება.

 

 

- სხვათა შორის, ფოთის პორტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ნებართვა, ასე ვთქვათ, გაღრმაწყლოვანებაზე...

 

 

- ფოთის პორტი ეს არის ტრადიციული, ისტორიული ნავსაყუდელი, რომელიც თავის დროზე რომ არ გვქონოდა, ალბათ, შიმშილით დაიხოცებოდა საქართველოს მოსახლეობა. სააკაშვილის დროს, ფოთი პორტი გადასცეს უცხოელებს. ამის წინააღმდეგი ვიყავი. ქვეყანაში უნდა არსებობდეს სტრატეგიული ობიექტები, რომლის მართვა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და ერთ-ერთი ასეთია ფოთის პორტი, ვინაიდან მას სტრატეგიული დანიშნულება აქვს. მოხდა რა - როცა გადასცეს უცხოელებს, ტვირთებმა მოიკლო. არ ხდებოდა ფოთის პორტის აკვატორიის მოვლა-პატრონობა. ადრე წყლის სიღრმე 11-12 მეტრი იყო, ხოლო დღეს ცუდ ამინდში ხუთნახევარი მეტრია, ვეღარ შემოდიან დიდი გემები, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთეული კონტეინერის გადმოზიდვა ძვირდება.

 

 

 - ტრანსნაციონალური კომპანიები ხშირად სხვადასხვა ქვეყნებში იმ მიზნით შედიან, რომ კონკურენტი მოკლან...

 

 

- რა თქმა უნდა. შვილობილი კომპანია, რომელიც მართავს ფოთის პორტს, ვფიქრობ, რომ არც თუ ისე ნიჭიერად მართავს. „მაერსკი“ არის გლობალური კომპანია, რომელიც თავის დროზე დანიური იყო, დღეს ამერიკელებს აქვთ უმრავლესობა. მაერსკი მუშაობს რუსეთშიც. დღეს მთელი ჩინური ტვირთები,როგორც ზღვით, ისე რკინიგზით, ევროპისკენ მიდის რუსეთის გავლით, რაც მთლიანად არის სააკაშვილის დამსახურება. საუბარია 80 მილიონ ტონა ტვირთზე. „მაერსკი“, რომელიც რუსეთშიც მუშაობს, შესაძლოა, არ იყოს დაინტერესებული ფოთის პორტის განვითარებით. ამიტომ არის საჭირო, რომ ფოთის პორტი იყოს სახელმწიფოს განკარგვაში.

 

 

შარშანწინ უკრაინაში ვიყავი, ვმუშაობდი მთავრობის მრჩევლად და იმ დროს გავეცანი ოდესის პორტის გაღრმავების პროექტს. ოდესის პორტმა დაიქირავა სამხრეთ კორეული კომპანია, რომელსაც გადაუხადეს 40 მილიონი დოლარი და პორტის აკვატორია 4 მეტრით გააღრმავეს, რომ დიდი გემები შესულიყო შიგ. ოდესის პორტის აკვატორია არის ზუსტად ოთხჯერ უფრო დიდი, ვიდრე ფოთის. გამოდის, ფოთის პორტის გაღრმავებას სჭირდება დაახლოებით 10-12 მილიონი დოლარი, რაც არ არის წარმოუდგენელი ასტრონომიული თანხა ფოთის პორტისთვის. იმ ფირმას, ვისაც მართვაში აქვს ფოთის პორტი, სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს ამის გაკეთება.

 

 

საერთოდ, საერთაშორისო კორპორაციები თავისი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ. მაგალითად, იგივე „მარტინ ბაუერი“, რომელიც 90-იან წლებში შემოვიდა და საქართველოს ხელისუფლებას დაპირდა, რომ ჩაის ინდრუსტიას ავაღორძინებო, იმიტაცია გააკეთა, ვითომ რაღაცას აკეთდებდა. არადა, სწორედ ამ დროს გავერანდა ჩაის პლანტაციები და მხოლოდ პლანტაციების აღდგენა ნახევარი მილიარდი დოლარი ჯდება. აღმოჩნდა, რომ „მარტინ ბაუერი“ იყო მსოფლიო ჩაის წარმოების გიგანტების მიერ შემოგზავნილი ფირმა, რომლის მიზანი იყო, ჩაის ინდრუსტია გაჩერებულიყო საქართველოში. ამ დროს, 300 მილიონიან ბაზარს ვამარაგებდით ჩაით. რა ჩაის ვსვამთ დღეს? - აზრებაიჯანული ჩაი იყიდება საქართველოში. ამას წინათ შემხვდა შეკვეთილი სტატია, თითქოს ქართული ჩაი ხარისხით არ ვარგა და ამიტომ აზრი არ აქვს განვითარებასო.  ანუ, ასეთი რაღაცეები ხდება საერთაშორისო ბიზნესში, ასეთი მეთოდებით იშორებენ პოტენციურ კონკურენტებს და ჩვენც ამას გვიკეთებენ. ასე მოიშორეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანაც. თავის დროზე ფეროც აიღეს მართვაში, რომ პრობლემა არ შექმნოდა უკრაინელი ოლიგარქების ქარხნებს უკრაინაში... ამიტომ, სახელმწიფოს მართებს სიფხიზლე და სიფრთხილე. ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრჭყვიალებს და განსაკუთრებით, ეს საერთაშორისო ორგანიზაციებს ეხება. თუნდაც იგივე „ფრონტერა“, რომელიც, ფაქტობრივად, ნავთობის მოპოვების იმიტაციას აკეთებს კახეთში.

 

 

 - სინამდვილეში რა მისია აქვს საქართველოში „ფრონტერას“?

 

 

- 23 წელია მუშაობენ. ამბობენ, რომ ხუთას ორმოცდაათი მილიონის ინვესტიცია ჩადეს და 120 მილიონი ამოვიღეთო. ასეთი ბიზნესი არ არსებობს. 23 წელი ბიზნესმენი ასე გეგმაზომიერად კარგავდეს ფულს, ეს გამორიცხულია. ძიების იმიტაციას აკეთებდნენ, შეიძლება ეს აწყობდეს ისეთ ძალას, რომელიც საქართველოში ყიდის ნავთობპროდუქტებს.

 

for.ge

right_banner right_banner
არქივი
right_banner