logo_geo
eng_logo
პოლიციელზე და მის ავტომანქანაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

24 თებერვალი. 2020. 13:23

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 ივლისს, გარდაბნის რაიონის, სოფელ აგთაკლიაში, რესტორან „ე.“-ს მიმდებარედ, შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, დ.გ. და ნ.გ. სამსახურებრივი ავტომანქანით შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ. პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მყოფ უ.ჭ.-ს და ს.ჭ.-ს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ, რა დროსაც ს.ჭ. თავს დაესხა დ.გ.-ს, ძალადობით დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა და ქვები ესროლა მის სამსახურებრივ ავტომანქანას, რის შედეგადაც  წინა საქარე მინა დაუზიანა. 

 

სამართალდამცველებმა ს.ჭ. 2019 წლის 21 ივლისს, გარდაბნის რაიონის სოფელ აგთაკლიაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353'-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ს.ჭ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner