„უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა შესაძლოა, სოფელ პერევთან (სინაგურთან) არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე გააფრთხილეს.
„დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პერევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ერთადერთი იმედია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას შეძლებენ. უცნობია, რას უკავშირდება ეს სიახლე, თუმცა ორგანიზაციის ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა ახალგორის დროებით დატოვება გადაიფიქრა, იმის შიშით, რომ ერთადერთი გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, სახლებში ვეღარ დაბრუნდებიან.
2019 წლის 4 სექტემბერს, საოკუპაციო ძალებმა ახალგორის რაიონთან არსებული მოსაბრუნის (რაზდახანი) საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაკეტეს. თვეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა დროული სამედიცინო დახმარების და მედიკამენტების გარეშე დარჩა. რაზდახანის ჩაკეტვას ადამიანების სიცოცხლეც ემსხვერპლა. მოსახლეობა იძულებული გახდა, დროებით გაეწყვიტა კავშირები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ ოჯახის წევრებთან.
ახალგორის იზოლირების საკითხი დღესაც მოუგვარებელია. საოკუპაციო ძალებმა, მიმდინარე წლის 24 იანვარს ე.წ. საზღვრის კვეთის უფლება მხოლოდ იმ პენსიონერებს მისცეს, რომელებიც არ არიან „სამხრეთ ოსეთის“ ან რუსეთის მოქალაქეები და იღებენ საქართველოს მოქალაქის პენსიას. გადმოსვლის უფლება მისცეს ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობის მქონე მოქალაქეებსაც. დე-ფაქტო მთავრობამ კი, გაავრცელა განცხადება, რომ მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მომავალში ორ თვეში ერთხელ გაიხსნება და ისიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პენსიის მქონე პენსიონერებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.