logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელმა ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
- +

24 თებერვალი. 2020. 21:10

 

 

ესტონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ესტონელ ხალხს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

 

მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა.

 

მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დაინგრა საბჭოთა კავშირი, ესტონეთმა რთული გზა გაიარა ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად და დღეს ის წარმოადგენს თავისუფალი სამყაროს ეკონომიკურად ძლიერ და სრულუფლებიან წევრ სახელმწიფოს.

 

ესტონეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენი ესტონელი მეგობრების  მხარდაჭერა დაგვეხმარა ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბებაში, თქვენი თანადგომა გვეხმარება საქართველოს ევროკავშირთან და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესში. ქართველი ხალხის სახელით, ამისათვის მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ.

 

საქართველოსა და ესტონეთს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ სხვადასხვა სფეროში. მე, როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ხაზი მინდა გავუსვა განათლების სფეროში ჩვენს მრავალწლიან პარტნიორობას. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა ინტენსიურად გაგრძელდება, რაც ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები,  დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner