საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. შეხვედრა ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში შედგა.
გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე რაც ართულებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას, მათ შორის ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებზე, კერძოდ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვაზე, გადასასვლელები პუნქტების დახურვის, ადამიანების გატაცების ფაქტებსა და სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე სათანადო მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებლობაზე. ხაზი გაესვა აღნიშნული თემების და ზოგადად რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გაეროს უმაღლეს დღის წესრიგში შენარჩუნების აუცილებლობას.
აღინიშნა გაეროს განსაკუთრებული როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების და ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი მიმდინარეობის პროცესში. საუბარი შეეხო მათ შორის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდს და აღინიშნა ამ რაუნდზე კონფლიქტის რეგიონსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის გადაადგილების არსებული პრობლემის მოგვარების გზებზე მსჯელობის აუცილებლობა.
შეხვედრაზე ასევე დადებითი შეფასება მიეცა გაეროს ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური რეზოლუციების არსებობის პრაქტიკას და გაეროს გენერალური მდივნის ანგარიშს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოთქვა მზაობა ორგანიზაციამ საკუთარი მანდატის ფარგლებში ეფექტიანი როლი ითამაშოს ცალკეული საკითხების მოგვარებაში.