logo_geo
eng_logo
ლია მუხაშავრია: „ნაცმოძრაობის“ დროს ვინც დანაშაულები ჩაიდინა, ისინი არ დასჯილან, თორემ მერაბიშვილი ციხეში მაინც იჯდა
- +

24 თებერვალი. 2020. 23:22

 

 

კახა კალაძემ მეტი ვანო უსურვა ოპოზიციას. ასეთი სურვილების მიუხედავად, როგორ აისახება ვანო მერაბიშვილის გამოშვება ჩვენს საზოგადოებაზე, რომელსაც დღემდე სჯეროდა, რომ მერაბიშვილი იყო „ნაციონალების“ ხერხემალი და მთელი 9-წლიანი ეპოპეის ერთ-ერთი შემოქმედი.

 

 

ამის შესახებ For.ge უფლებადამცველ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

 

 

 - დღემდე ხელისუფლებას საამაყოდ ჰქონდა, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მთავარი ფიგურანტები „კარგა ხანს“ ისხდებოდნენ ციხეში და სწორედ ეს იყო სამართლიანობის აღდგენის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. საინტერესოა თქვენი აზრი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოშვებისა და ამ ხელისუფლების დამხობის რიტორიკის შესახებ, რის შემდეგაც ციხის კარი ფართოდ გაიღება.

 

 

- ვანო მერაბიშვილს რომ არ ეთქვა, განა ჩვენ არ ვიცით, რომ განწყობა საზოგადოებაში ასეთია, შევცვალოთ ეს ხელისუფლება. ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილს მთლად ამ თვალსაზრისით არ უხსენებია სიტყვა „დამხობა“, რომ მაინცდამაინც ძალადობრივი გზით უნდა დაემხოს ეს ხელისუფლება, უბრალოდ, ყველას გვინდა, ეს ხელისუფლება ერთ წელიწადში არჩევნების გზით შეიცვალოს. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი თითქმის 7 წელი საპატიმროში იჯდა და დღეს გათავისუფლდა, მისი რიტორიკა, ვფიქრობ, სრულიად ადეკვატურია მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის. ცხადია, მისი გამოშვება გააძლიერებს „ნაცმოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, შესაძლოა, მათი გაერთიანებისა და კოორდინაციისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა აღმოჩნდეს. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ადამიანს ძალიან „დიდი დამსახურება“ აქვს საკუთარი პარტიისა და პარტიული ელიტის წინაშე, თავის დროზე თავისი პარტიისთვის არც თუ ისე ურიგო მინისტრი და შემდეგ პრემიერ-მინისტრი იყო. რატომღაც მას უფრო მეტად მინისტრად მოიხსენებენ, ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის კარგა ხანს იყო უშიშროების საბჭოს მდივანი, მერე იყო მინისტრი და ბოლოს პრემერ-მინისტრი. არა მგონია, იმაზე უფრო უფერული პრემიერი ყოფილიყო, ვიდრე ჩვენ გვყავს ახლა „ქართული ოცნების“ პირობებში.

 

 

მეჩვენება, რომ ხელისუფლება ძალიან შეშინებულია მისი გამოსვლით და გათავისუფლებით და ეს ობიექტურადაც ასეა მათთვის. ოპოზიციისთვის კი ეს ასე არ არის და, რაც უფრო მეტი ლიდერი და გამოკვეთილი პოლიტიკური მრწამსის ადამიანი იქნება პოლიტიკურ ასპარეზზე, მათ შორის, ყოფილი პატიმრები, ოპოზიციისთვის ეს კარგია. სხვებისგან განსხვავებით, ვინც არ დასჯილა საერთოდ, მან მოიხადა მაინც სასჯელი. ამიტომ შესაძლოა, ზოგიერთი თვლიდეს კიდეც, რომ მისი დანაშაულები გაქარწყლებულია. ის ვიკითხოთ, ვინც „ნაცმოძრაობის“ დროს დანაშაულები ჩაიდინა, არ დასჯილან და გაქცეულები არიან, თორემ ვანო მერაბიშვილი მათგან განსხვავებით ციხეში მაინც იჯდა.

 

 

 - მერაბიშვილის სახელს არაერთი საქმე უკავშირდება, მათ შორის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, „იმედში“ შეჭრის, 26 მაისის, მუხროვანის... ასევე, საუბარია 24 ათას ფაილზე, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იყო, ეს კადრები განადგურებულია, მაგრამ კითხვად რჩება, პოლიტიკაში დაბრუნების მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ ადამიანებს, რომელთა სახელზეც ამდენი საქმეებია?

 

 

- მის ადვოკატობას არ ვაპირებ, მაგრამ განსხვავებით სხვებისგან, ვინც ჩაიდინა მასობრივი დანაშაული, მათ შორის, 7 ნოემბერსაც მასობრივი დანაშაული იყო ჩადენილი, ასევე, მასობრივი დანაშაული მოხდა 26 მაისს, ამ საქმეებზე მის გარდა დასჯილი სხვა პიროვნება მაინცდამაინც არ მაგონდება. ამ ხელისუფლებამ დამალა მისი არაერთი დანაშაული, რომელიც მე ვიცი პირადად და, რისთვისაც მას პასუხი არ მოეთხოვა. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, სულ ერთია დანაშაულის ჩამდენი და დანაშაულის დამფარველი, ჩემთვის ორივე დამნაშვეა. ამიტომ, თუ მერაბიშვილი სათანადოდ არ დასჯილა, ამაზე პასუხი ამ ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს. რაც შეეხება მორალს, მორალური უფლებით რომ იყვნენ ჩვენი პოლიტიკოსები ხელისუფლებაში, მაშინ აღარაფერი გაგვიჭირდებოდა. მართალია, ჩემი ღრმა რწმენით, მერაბიშვილი დაისაჯა არასრულად, არასამართლიანად და არა ისე, როგორც იმსახურებდა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, თითქმის 7 წელი იჯდა, თან იჯდა მარტო, რაც ორმაგ სასჯელს ნიშნავს ვადის თვალსაზრისით, ამიტომ სხვებთან შედარებით მას აქვს უფლება, პოლიტიკაში დაბრუნდეს.

 

 

 - თუმცა მარტო ეს ფრაზა, „ორი გვამი მინდა“, ძალიან რთულად აღსაქმელია, როგორადაც არ უნდა შეფუთონ ეს ნათქვამი.

 

 

- მე მგონი, მას უფრო მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე ეს ფრაზაა - „ორი გვამი მინდა“. ქუჩებში დახვრეტილი 200-ზე მეტი ადამიანი მაგონდება, რომელთა დახვრეტისა და საჯაროდ „გასამართლებისთვის“ არ მახსოვს, ვინმე დასჯილიყოს. ლაპარაკია არა მარტო კორტების საქმეზე (რომელიც ძლივს გაახსენდათ და ძლივს დაამთავრეს ეს საქმე), არამედ სხვა უამრავ ახალგაზრდაზე, რომლის ჩამდენები, ორგანიზატორები და განკარგულების გამცემნი არ დასჯილან. ამიტომ ძალიან მეშინია, რომ ვთქვა, რომ „ორი გვამია“ ამოსავალი მისი შეფასებისთვის.

 

 

 - დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, ადრე ციხიდან ნაწამები ადამიანები გამოდიოდნენ, დღეს კი კოსტუმებში გამოწყობილნი გამოდიან. ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა „ნაცებთან“ შედარებით?

 

 

- მატროსოვის ციხე რომ გაიხსნა 2003 წლის იანვარში და ყოფილი პოლიტპატიმრები გამოვიდნენ, მათგან ბევრს ეცვა შარვალ-კოსტუმი. „ნაცების“ დროს ნაწამები პატიმრები რომ გამოდიოდნენ ციხიდან და იმ მწამებლებს პასუხი არ მოსთხოვეს, ამაზე პასუხი უნდა მოეთხოვოს ხუნდაძეს. კომენტარს კი არ უნდა აკეთებდნენ და გამუდმებით იმას კი არ უნდა გაიძახოდნენ, თქვენ 9 წელი აწამებდით, აუპატიურებდითო, ამას დებატებსა და დისკუსიებში კი არ უნდა ამბობდნენ, არამედ ამას სასამართლო განაჩენები უნდა ადასტურებდეს, რასაც ვერ ვხედავთ. ამიტომ არანაირი უფლება არ აქვს ხუნდაძეს და „ქართული ოცნების“ არც ერთ პოლიტიკოსს დღეს, ეს იძახოს.

 

 

 - ალბათ, 24 ათასი ფაილიც არ უნდა განადგურებულიყო.

 

 

- ეჭვი მეპარება, რომ დღემდე არ არის განადგურებული ამ ფაილების წარმოების სისტემა. მაშინდელი ფაილები შეიძლება განადგურდა კიდეც, მაგრამ თვითონ ის მოწყობილობები, ის სისტემა და ის ანტიკონსტიტუციური უფლებამოსილებები ისევ ისე მუშაობს და ფაილები ისევ იწერება, მაგრამ დღეს რატომღაც არ მოვითხოვთ, რომ ვინც იწერს ამ ფაილებს, ის დაიჭირონ.

 

 

 - თქვენ მიიჩნევთ, რომ ოპოზიციას მერაბიშვილი გააძლიერებს, მაგრამ ამდენ ხანს თავს რატომ იკავებენ მისთვის რაიმეს შეთავაზებაზე? ერთადერთი, თუ რამეს ურჩევენ მერაბიშვილს, მხოლოდ დასვენებაა.

 

 

- შეიძლება, სააკაშვილს რაღაც ირიბად წამოსცდა, მაგრამ მე ვფიქრობ, სააკაშვილმა ეს იმიტომ თქვა, რომ ის გარეთ არის და ვერ გახდება „ნაცმოძრაობის“ ლიდერი საქართველოში, ვანოს კი აქვს ამის რეალური შანსი, იგი აქ არის, არსად წასვლას არ აპირებს, მას აქვს წლები ციხეში გატარებული, მათ შორის, პოლიტპატიმრის სტატუსით და ამ კუთხით მან მოიგო კიდეც თავისი სამართლებრივი ბრძოლა. ამდენად, თუ მერაბიშვილს სურვილი აქვს, არაფერი ხელს არ უშლის, ლიდერი გახდეს. მათ შორის, ორივე პოლიტიკური ერთეულის - „ევროპული საქართველოს“ და „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, განსხვავებით, მიშასგან, რომელიც აქ ვერც ჩამოვა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner