„დღეს არის სასამართლო განაჩენის გამოცხადების სხდომა. ჩვენ, ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მხრიდან იქნება მიღებული სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.
მისივე თქმით, დაცვის მხარის განცხადებები სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მთელი რიგი მტკიცებულებები კი ადასტურებს ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
„მიგვაჩნია, რომ სასამართლოს არა აქვს საფუძველი აღნიშნული მტკიცებულებების არგაზიარების. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და დღესაც ვაცხადებთ, რომ გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების პროცესში თუ გამოიკვეთება რომელიმე პირის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები, ბუნებრივია, ნებისმიერი პირის მიმართ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - აღნიშნა პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ.