logo_geo
eng_logo
პროკურორი: სასამართლომ სრულად გაიზიარა მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნია მიხეილ კალანდიას მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა ჯგუფურად
- +

25 თებერვალი. 2020. 14:14

 

 

„სასამართლომ სრულად გაიზიარა მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნია მიხეილ კალანდიას მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა ჯგუფურად“, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, შესაბამისად, მსჯავრდებული მ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, ჩადენილს ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ სასჯელის სახით და ზომად გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის და 3 თვის ვადით“, - განაცხადა ქვარცხავამ.

 

მან აღნიშნა, რომ, რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 9 თვის განმავლობაში წარმოდგენილი და უშუალოდ გამოკვლეულ იქნა 150-მდე მოწმის ჩვენება, ასევე, წარდგენილი იყო ათეულობით ნივთიერი და ასეულობით წერილობითი მტკიცებულება, შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყოველივე ზემოხსენებული მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ბრალდებულის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

„ჩვენ განვმარტავთ, რომ, რა თქმა უნდა, ოჯახის თუ დაცვის მხარის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებში, რომელიც ეხება სხვადასხვა პოლიტიკურ სპეკულაციას, არ შევალთ ამ სიღრმეში, ვინაიდან ეს სცდება ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს, ბრალდების მხარის მიერ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, იყო წარმოდგენილი არაერთი როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მტკიცებულება მოცემულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლომ სრულად გაიზიარა და დადასტურებულად მიიჩნია მსჯავრდებულის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. აღნიშნული განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯავრდებული მ.კ. იყო ამსრულებელი, თანაამსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა“, - განაცხადა პროკურორმა.

 

ბესიკ ქვარცხავას თქმით, განაჩენით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა ჭრილობა მიაყენა ბასრი საგნის გამოყენებით დავით სარალიძეს.

 

„ბრალდების მხარე დაელოდება სასამართლოს განაჩენში მითითებულ მოტივაციას და ამის შემდეგ შეძლებს დანარჩენ გარემოებებზე მსჯელობას“, - აღნიშნა პროკურორმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner