„კოალიციიდან რომელიმე პარტიის გარიცხვის საკითხი არ დგას", - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი გოგლა ჟვანია „რესპუბლიკელებისა" და „მრეწველების" დაპირისპირებას და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხში პრემიერ-მინისტრი ჩაერია და დაპირისპირება აღიკვეთება. ამის შესახებ ჟვანიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ მსგავსი დაპირისპირებები დამაზიანებელია არა კოალიციისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის.
„აზრთა სხვადასხვაობა არსებობს კოალიციაში. ეს ნორმალური და ჯანსაღი პროცესია. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და წესი. ეს ფორმა, რომელიც დაპირისპირებამ მიიღო, იყო დამაზიანებელი. ეს იყო დამაზიანებელი არა კოალიციისთვის, არამედ ჩვენი სახელმწიფოსთვის.
პრემიერ-მინისტრი ჩაერია პროცესში. ეს ყველაფერი აღიკვეთება და იმედია, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. თუ კიდევ ექნება ადგილი მსგავს რაღაცებს, შემდეგ უკვე გადაწყვეტილებას სხვანაირად მივიღებთ", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.