„მთავრობის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა ავაშენოთ. მე პირადად, როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის ნოემბერში მეოთხედ გამოაცხადა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში საერთო ჯამში 173-მა აპლიკანტმა შეიტანა განაცხადი. კონკურსის ფინალისტები საფინალო ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეულმა ტრენერებმა მოამზადეს. ტრენინგები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 24-25 თებერვალს კონკურსანტები უკვე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარსდგნენ, მათგან 20 სტარტაპი დღეს გამარჯვებულად დასახელდა, თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.
პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის” (GENIE) მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.