logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მერაბიშვილი სასჯელს აბსოლუტურად კანონიერად იხდიდა, ეს სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ თქვა
- +

25 თებერვალი. 2020. 23:47

 

 

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა აბსოლუტურად კანონიერად. მისი წინასწარი პატიმრობა და სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი და ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს,“- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელს იხდიდა აბსოლუტურად კანონიერად. მისი წინასწარი პატიმრობა და სასამართლოს განაჩენი იყო კანონიერი და ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს. ერთადერთი ეჭვი, რაც გამოითქვა, ეხებოდა იმას, ხომ არ მოხდა მისი პატიმრობის გამოყენება სხვა არალეგიტიმური მიზნისთვის ერთ კონკრეტულ შემთხვევაში. საკნიდან გაყვანის საკითხზეც მოსამართლეთა ხმები გაიყო. 15 მოსამართლიდან 7-მა, მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს არ მომხდარა, 8-მ კი, მათ შორის ნონა წოწორიამ თქვა, რომ ეს საკნიდან გაყვანა არალეგიტიმურ მიზნებს ემსახურებოდა. გადამწყვეტი აღმოჩნდა ნონა წოწორიას ხმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ისეთივე წევრია, როგორიც ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია ან სხვები იყვნენ“, - აღნიშნა სუბარმა.

 

მისივე თქმით, რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკოსობას დღეს, თეა წულუკიანმა ძალიან ზუსტად თქვა, რომ პირველი დღის ემოცია გაივლის და მერაბიშვილი ოპოზიციის ხელში „ცხელ კარტოფილად“ გადაიქცევა და ისინი ეცდებიან ის ერთმანეთს შეაჩეჩონ.

 

„რაც შეეხება დიალოგს, ჩვენ გვყავს ის ოპოზიცია, რომელიც გვყავს, ეს არის მოცემულობა და ამას ვერ გავექცევით. ამას ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა და გვერდს ვერც ჩვენ ავუვლით. არის საქმეები, რომელზეც პირადად მე ჩვენებები მაქვს მიცემული. 7 ნოემბერთან დაკავშირებით განაჩენი ჯერ არ დამდგარა. მაგალითად, 2007 წლის 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის კაბინეტში შედგა თათბირი, რომელზეც დაიგეგმა, როგორ უნდა მომხდარიყო ოპოზიციონერების მოტაცება. ამ თათბირს მერაბიშვილთან ერთად ესწრებოდნენ გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი, კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი და ყველა გუბერნატორი. იმ ღამეს, როდესაც ამის შესახებ შევიტყვე, ვილნიუსში უნდა გავფრენილიყავი და არ წავედი, რადგან ვიგრძენი, რომ რაღაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ამის შემდეგ მოხდა 7 ნოემბერი და 8-ში დილით მე ეს დოკუმენტები დაგეგმვის შესახებ გადავეცი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელს და ასევე უნდა გადამეცა მეთიუ ბრაიზასთვის, რომელიც საქართველოში აშშ-ს წარმოადგენდა. როდესაც მეთიუ ბრაიზას რამდენიმე ფაქტის შესახებ ვუთხარი, მან დაურეკა ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს და ეს საკითხები მოაგვარა, მაგრამ მე მივხვდი, რომ დოკუმენტების მისთვის გადაცემა ნიშნავდა, რომ საფრთხე შეექმნებოდა მათ, ვინც მე ინფორმაციას მაწვდიდა“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner