logo_geo
eng_logo
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი: საქართველოში „სასამართლოს დამოუკიდებლობის“ მაჩვენებელი გაუმჯობესდა
- +

26 თებერვალი. 2020. 11:57

 

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ წარმოებული ინდექსის „თავისუფლების ბარომეტრი - ევროპა 2019“ მიხედვით, საქართველო ევროპაში 27-ე ადგილზე გავიდა და შეფასების 100-ბალიანი შკალიდან 69.06 ქულა მიიღო, რაც ქვეყნის ახალი ისტორიული მაქსიმუმია.

 

საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრ ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა: იტალია, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, უნგრეთი. საქართველო რეიტინგით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

 

აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზე გავიდა ეკონომიკის თავისუფლების ინდიკატორის მიხედვით. კვლევაში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველო არა მხოლოდ პირველ ადგილზეა ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით ევროპაში, არამედ ლიდერია ეკონომიკის თავისუფლების გაუმჯობესების მიხედვითაც. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც 2019 წელს ეკონომიკის თავისუფლების ინდიკატორის 1-პუნქტიანი გაუმჯობესება შეძლო, ნახევარპუნქტიანი გაუმჯობესება კი მხოლოდ ორმა ქვეყანამ (იტალია, სომხეთი) მოახერხა.

 

კვლევაში გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოში პრესის თავისუფლების საკითხს, რომელიც, ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. გამოყოფილია კორუფციის საკითხიც, ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც მინიმუმ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 1/3-ს მაინც უსწრებს კორუფციის სიმცირით. ისტორიულ მაქსიმუმზეა კერძო საკუთრების დაცულობის მაჩვენებელიც.

 

კანონის უზენაესობის ინდიკატორის მიხედვით, საქართველო ევროპაში 29-ე ადგილზე გავიდა და გაუსწრო ევროკავშირის წევრ სამ ქვეყანას: რუმინეთს, საბერძნეთსა და ბულგარეთს. ამ ინდიკატორით საქართველო უპირობო ლიდერია კავკასიასა და შავი ზღვისპირეთში. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

 

აღნიშნული კვლევის მიხედვით, საქართველოში „სასამართლოს დამოუკიდებლობის“ მაჩვენებელიც გაუმჯობესდა. საქართველო ამ ინდიკატორით უსწრებს დიდი შვიდეულის ერთ, ევროკავშირის ოთხ, NATO-ს წევრ შვიდ სახელმწიფოს. კვლევის თანახმად, საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე იტალიაში, საბერძნეთში, ხორვატიაში, ბულგარეთში და ა.შ. საქართველო ლიდერია კავკასიაში და რუმინეთთან ერთად (თანაბარი ქულით) პირველ ადგილზეა შავი ზღვისპირეთში. ამასთანავე, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში სასამართლოს დამოუკიდებლობის მიხედვით მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

 

შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო, „თავისუფლების ბარომეტრის“ მიხედვით, ევროპაში 39-ე ადგილზე იყო. დღეისთვის ქვეყნის სარეიტინგო პოზიცია 12 ადგილითაა გაუმჯობესებული 2012 წელთან შედარებით.

 

წყარო: freedombarometer.org

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner