logo_geo
eng_logo
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის იძულებისა და გამოძალვისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

26 თებერვალი. 2020. 12:21

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისთვის  ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ქ.-მ უკანონოდ მოიპოვა ს.გ.-ს პირადი ცხოვრების  ამსახველი ფოტოები, რომლებიც 2019 წლის იანვარში დაზარალებულის მეგობარს გადაუგზავნა. ზ.ქ.  აღნიშნული მასალის გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და  300 ლარის გადაცემას მოითხოვდა. 

 

სამართალდამცველებმა ზ.ქ. 2019 წლის 20 მაისს ქ. სიღნაღში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება), 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ  სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა)  წარუდგინა. ზ.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ქ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner