logo_geo
eng_logo
26 თებერვალს აკადემიკოსი აკაკი შანიძე დაიბადა
- +

26 თებერვალი. 2020. 13:19

 

ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი აკაკი შანიძე 1887 წლის 26 თებერვალს სოფელ ნოღაში დაიბადა.

 

საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი, იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე, ასევე გახლდათ თსუ-ს ერთ-ერთი დამაარსებელი. მან ი. ყიფშიძესა და გ. ახვლედიანთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიებას.

 

შანიძის ნაშრომები ეხება ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის, ქართული დიალექტოლოგიის, ლექსიკოლოგიის, ტექსტოლოგიის, ეპიგრაფიკის, ფოლკლორისტიკის, რუსთველოლოგიის, არმენისტიკის, ალბანოლოგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის პრობლემატიკას. მისი ადრეული გამოკვლევები შეჯამებულია საეტაპო მნიშვნელობის წიგნში „ქართული ენის გრამატიკა", I მორფოლოგია რომელიც გამოიცა 1930 წელს და არის ახალი ქართული ენის პირველი მეცნიერული გრამატიკა.

 

მნიშვნელოვანია მისი „ძველი ქართული ენის გრამატიკა“, რომელიც 1976 წელს გამოიცა. აღნიშნული წიგნი ითარგმნა გერმანულ ენაზეც. მეცნიერის მოღვაწეობიდან აღსანიშნავია ე.წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვ.

 

დიდია მისი ღვაწლი „ვეფხისტყაოსნის" ტექსტის მეცნიერულად დადგენის საქმეში, რისთვისაც 1987 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია. მისმა კაპიტალურმა ნაშრომმა „ქართული ხალხური პოეზია - ხევსურული" (1931) სათავე დაუდო ქართ. მეცნ. ფოლკლორისტიკას. 1939 წლიდან საშუალო სკოლებში ისწავლება შანიძის შედგენილი „ქართული ენის გრამატიკა".

 

აკაკი შანიძემ ახალ ნიადაგზე დააფუძნა ძველი ქართული ენის წერილობითი ძეგლების მეცნიერულ-ფილოლოგიური პუბლიკაციის საქმე. სხვადასხვა დროს დააარსა გამოცემათა სერიები და გამოაქვეყნა კრიტიკულად დადგენილი და ფართო მეცნიერული აპარატით აღჭურვილი ტექსტები, ძველი ქართული ენის პირველხარისხოვანი ძეგლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ე.წ. ხანმეტ-ჰაემეტი ტექსტების აღმოჩენა-გამომზეურება, ქართული ბიბლიური ტექსტების, ქართული ოთხთავის რედაქციების აკადემიური გამოცემა და სხვა. დიდია შანიძის ღვაწლი ვეფხისტყაოსნის ტექსტის დადგენაში, რუსთაველის პოემის ენობრივი თავისებურებებისა და ლექსიკის კვლევა-ძიებაში. აკაკი შანიძის გამოკვლევები ქართული დიალექტების (უმთავრესად ე. წ. მთის კილოების) შესწავლის დარგში ახალი ეტაპია ქართულ დიალექტოლოგიაში. მისმა კაპიტალურმა წიგნმა „ქართული ხალხური პოეზია. I ხევსურული“ (1931) სათავე დაუდო ქართულ მეცნიერულ ფოლკლორისტიკას.

 

აკაკი შანიძის სახელთანაა დაკავშირებული ახალი სამეცნიერო დისციპლინის ალბანოლოგიის (აწ გადაშენებული კავკასიური წარმოშობის ხალხის - ალბანელების - ენისა და დამწერლობის შესწავლა) დაფუძნება. 1939 წლიდან საშუალო სკოლებში ისწავლება შანიძის შედგენილი „ქართული ენის გრამატიკა".

 

აკაკი შანიძე წლების მანძილზე იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა სამეცნიერო კადრების აღზრდაშიც. საქართველოს სსრ VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“, ხალხთა მეგობრობის ორდენებითა და მედლებით.

 

აკაკი შანიძე გარდაიცვალა 1987 წლის 29 მარტს.  დაკრძალულია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო-სავანეში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner