„ევროპასთან დღეს ჩვენ გვაკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, გვაქვს წვდომა უზარმაზარ მაღალი სტანდარტების ბაზართან და ეს ყველაფერი თანხმობაში მოდის ჩვენს პოლიტიკურ მისწრაფებასთან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა დარბაზიდან მიმართა პანელური დისკუსიის - „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები“ მონაწილეებს.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო სხვადასხვა სფეროში არსებული სტანდარტების ასამაღლებლად ყველაფერს აკეთებს.
„ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რა შეიძლება იყოს ჩვენთვის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის განმსაზღვრელი ფაქტორი. რა თქმა უნდა, აქ არის სტრუქტურული რეფორმები, ინსტიტუციური გაძლიერება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე და მათი გადალახვის პროცესში ევროპელი კოლეგების დახმარების მნიშვნელობაზე.
„ერთი დიდი გამოწვევა, რომლის გადალახვაშიც, პირველ რიგში, ჩვენი ევროპელი კოლეგები უნდა დაგვეხმარონ, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირებს ეხება. საქართველოს დღეს აქვს იდეალური სამართლებრივი ჩარჩო, ხელშეკრულებები ევროკავშირთან, მაგრამ, საქართველო ინსტიტუციურად და ფასეულობების დონეზე ძალიან ახლოს ევროპასთან, მაგრამ არის ქვეყანა, რომელსაც ევროპასთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს. დაკავშირებადობა, რომლის სამართლებრივი საფუძველი პოლიტიკურ დონეზე სახელმწიფომ შექმნა ევროპულ ბაზართან, დღეს არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი საშუალო, წვრილი და მსხვილი ბიზნესისთვისაც, რათა მათ დაამყარონ კავშირები და მიიღონ კონკრეტული მოგებები თუ შედეგები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, ეს ის პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც ყველაზე სწრაფად დააჩქარებს ქართული ეკონომიკის ზრდას.
„როდესაც გვაქვს ძალიან კარგი სამართლებრივი ჩარჩო და არ გვაქვს სახმელეთო საზღვარი და რეალური, ფიზიკური პრობლემები გვაქვს დაკავშირებადობის მიმართულებით, ამ მიმართულებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროს - ეკონომიკის, თუ მეცნიერების ღვაწლმოსილი წარმომდგენლებისგან ევროკავშირის სხვადასხვა პლატფორმაზე. დღეს, პირველ რიგში, საქართველოს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება ამ დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ეს იქნება შავი ზღვის საშუალებით, პირდაპირი ფრენების, რკინიგზის, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით, რათა ჩვენს ეკონომიკას, ბიზნესს მივცეთ საშუალება, მოახდინონ პოლიტიკური, ინსტიტუციური დაახლოების, მიღწევების კონკრეტულ მოგებებში კონვერტაცია მოქალაქისთვის და ბიზნესისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პანელურ დისკუსიაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი მონაწილეობდნენ.