logo_geo
eng_logo
ლეშეკ ბალცეროვიჩი: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით თქვენ, ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრი გახდით
- +

26 თებერვალი. 2020. 14:27

 

 

„ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირში საერთო ბაზარია. ამ ხელშეკრულებაში შესვლით, თქვენ ფაქტობრივად, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის წევრი გახდით. ეს საქართველოს საშუალებას აძლევს, გაზარდოს ექსპორტი, რაც ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგია და მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა პოლონეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა  ლეშეკ ბალცეროვიჩმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

ღონისძიების პანელური სესიის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ბაზრის რეგულირების კუთხით და რა უნდა გააკეთოს საქართველომ საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის გასაზრდელად, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი და პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი პასუხობს, რომ ქვეყანა ფრთხილი უნდა იყოს ევროპული რეგულაციების ტრანსპოზიციის თვალსაზრისით.

 

„პოლონური გამოცდილებიდან მახსოვს, რომ როდესაც ვიღებდით ევროპული რეგულაციების მოთხოვნებს, ზოგიერთი სამინისტრო ზედმეტის გაკეთებას ცდილობდა. აქ უნდა ვიყოთ ფრთხილად, გააკეთეთ ის, რაც რეალურად საჭიროა და მეტი არა“, - აცხადებს ბალცეროვიჩი.

 

სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, პროფესორმა ეკონომიკური ზრდის ძირითად წინაპირობად ხანგრძლივი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება დაასახელა და ის ფუნდამენტური საკითხები გამოყო, რაც ქვეყანას ეკონომიკური წარმატების მისაღწევად ესაჭიროება.

 

„ეკონომიკური ზრდის ძირითადი წინაპირობა ხანგრძლივი მაკროეკონომიკური სტაბილურობაა, რადგან, ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას, თავი აარიდოს სწრაფ ვარდნას და ზრდას, ფისკალურ ბუმს როგორც ეს საბერძნეთშია, ასევე საკრედიტო ბუმს - ეს ძვირი ჯდება, როგორც ესპანეთის ან ირლანდიის გამოცდილებამ გვაჩვენა. ასე რომ, მრავალი ქვეყნის გამოცდილების მაგალითზე, ძალიან მნიშვნელოვანია სამი ფუნდამენტური საკითხი: პირველი: თავისუფალი ბაზარი, ღია ეკონომიკა, საბაზრო ეკონომიკა, ინტენსიური კონკურენცია, მეორე: კანონის უზენაესობა, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა პროკურატურა, პოლიცია, მოსამართლეები უნდა იყვნენ პროფესიონალები და დამოუკიდებელი ყველა პოლიტიკური ან ბიზნეს ძალისგან. მესამე: მცირე, კომპეტენტური და პატიოსანი ადმინისტრაციები“, - განაცხადა პოლონეთის ყოფილმა ვიცე პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner