„სტრუქტურული გაუმჯობესების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს“.
კონფერენციის ფარგლებში ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო პანელში: „საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები“. მასთან ერთად, პანელის სპიკერებად მოწვეულები იყვნენ ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე პრემიერი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.
მისი თქმით, ქვეყანაში დღეს არის დაბალი რეგულირება, რასაც მსოფლიო ბანკის კვლევა ადასტურებს და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მიდგომა შენარჩუნდეს.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით. პირველი ნაბიჯი არის ის, რომ დღეს, ჩვენ უკვე თამამად ვსაუბრობთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე, რომელიც დაიწყო 13 %-დან და დღეს, ეს მაჩვენებელი 4-5%-ის ფარგლებშია. ეს პირველ რიგში, გამოიწვია იმან, რომ ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ თავისუფალი გაცვლითი კურსი, თავი შევიკავეთ ლარის ხელოვნური გამყარებისკენ გადასადგმელი ნაბიჯებისგან, რამაც სერიოზული გავლენა მოახდინა. მეორე ნაბიჯია რეგულირების ის ხარისხი, რომელიც ჩვენ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია. თუ ვაკეთებთ რეგულაციას, მაქსიმალურად ჭკვიანური და ხარისხიანი უნდა იყოს.
სტრუქტურული ცვლილებების მესამე ძლიერი მხარე იყო ის, რომ საჯარო სექტორში მიმდინარე ხარჯებზე მაქსიმალური კონტროლი დაწესდა. გარდა ამისა, 2017 წელს განხორციელდა რეფორმა, სადაც ეს ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე სხვადასხვა პრეზენტაციებში გვინახავს, რომ ჩვენი საჯარო სექტორი, ჩვენი ბიუროკრატია, ხარჯების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მცირეა მსოფლიოში. ამან მოგვცა საშუალება, ჩვენი სახსრები მიგვემართა კაპიტალური დანახარჯებისთვის, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისათვის, როგორიც არის: ავტობანები, განსაკუთრებით, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, უამრავი სხვა მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი პროექტები.
რეალურად, ჩვენ მივიღეთ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტი. შესაბამისად, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული გაუმჯობესება იყო -მიმდინარე ხარჯების შეკავება და გამოთავისუფლება ფისკალური სივრცის უფრო მნიშვნელოვანი - ზრდაზე ორიენტირებული ნაბიჯებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.