ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება EFTA-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმ შეთანხმებების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოაწერა ხელი და ამით შესაბამის ბაზრებზე წვდომა გახადა შესაძლებელი. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ უფრო ინტენსიური გახადა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებები და ამ კუთხით, გარდა ბოლო პერიოდში ხელმოწერილი შეთანხმებებისა, ქვეყანას პროგრესი აქვს ისრაელთან და ინდოეთთანაც.
„ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩვენ უფრო ინტენსიური გავხადეთ ჩვენი ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე მოლაპარაკებები. თუ, წლების წინ, თავისუფალი შეთანხმებების არეალი, ვისთანაც საქართველო ვაჭრობდა, შემოიფარგლებოდა დსთ-ს ქვეყნებითა და თურქეთით და ჩვენი ექსპორტის წილი, რომელიც ამ არეალში გადიოდა, იყო 54 %, დღეს ეს მაჩვენებელი 70%-ს აღემატება, რაც არის თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ გაიზარდა წვდომა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით მოცულ ბაზრებზე, განსაკუთრებით, 2014 წლიდან, როდესაც საქართველო გახდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მხარე, რისი ნაწილიც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რასაც მალე მოჰყვა თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება EFTA-ს ქვეყნებთან - ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან. ჩვენ უკვე დავწინაურდით მოლაპარაკებებში ისრაელთან და ინდოეთთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციის - „საქართველო და მსოფლიო 2020“ ფარგლებში.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით უკვე 46 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც უდიდეს შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ ბიზნესს.
„ჩვენ უზრუნველვყავით და დღეს, მთლიანობაში, 46 ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვსაუბრობთ გეოგრაფიულად, რეგულაციებისა და სამომხმარებლო ქცევის თვალსაზრისით ურთიერთგანსხვავებულ, დივერსიფიცირებულ ბაზრებზე. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ადგილობრივი ბიზნესებისთვის, რადგან კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთი ფაქტორი არის სწორედ ბაზრებზე წვდომა“, - განაცხადა თურნავამ.