ლიკა მალიაშვილი „facebook"-გვერდზე 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის მოვლენებს იხსენებს:
„14 ივნისი... სასტუმრო „ლევილი"... შეშლილი სახეები... ტალახში ამოსვრილი ქალი-კაცი-ბავშვი... სურსათ-სანოვაგით, ტანსაცმლით და უამრავი ნივთით გადავსებული ფოიე. (გენაცვალე, თბილისო!)
„აიღეთ რაც გინდათ და რამდენიც გინდათ, ჩვენ აგატანინებთ ნომრებში!" - გამგეობის ღამენათევი თანამშრომლები თავს დასტრიალებენ განაწამებ, შოკში მყოფ ხალხს... ფუსფუსებს ხალხი... ირჩევს პროდუქტს, პირველად ნივთებს... თითქმის არავინ ლაპარაკობს....
მხოლოდ ერთი ქალბატონი დგას გაშეშებული... არაფერს იღებს... იყურება სადღაც შორს... მარცხენა ხელი აქვს გადახვეული... მარლაშიც ჩანს სისხლი... შევანჯღრიე... „ქალბატონო, ამოირჩიეთ,რაც გნებავთ და მე წამოგიღებთ"... ვერ ჩავაგდე გონში... იქვე სხვა ქალი ჩუმად მიყვება: „წყალი რომ მოაწვა კარებს და ვეღარ აღებდა, ფანჯრიდან უნდოდათ გამოსვლა... გისოსები ჰქონდათ ფანჯრებზე... ნაჯახით ცდილობდა გისოსების გამონგრევას და გამწარებული ნახევარჯერ ხელში ირტყამდაო... მაინც გაანგრია და შვილები გადაარჩინაო"... გმირი ხართ, ქალბატონო... ნამდვილი დედა..." - წერს მალიაშვილი.