უკრაინაში, მელიტოპოლის რაიონში, აქტივისტები ადგილობრივი განათლების დეპარტამენტის უფროსს იგორ ელისეევს ოფისში მიადგნენ და ის სახიფათო მარგარინი აჭამეს, რომელიც ადგილობრივ საბავშო ბაღებში კარაქის სახით შედიოდა. აღნიშნულ ინფორმაციას „იზვესტია“ ავრცელებს.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ბოლო დროს მათ მასიურად მიმართავდნენ იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც საბავშვო ბაღებში „კარაქის“ ჭამის შემდეგ მოიწამლნენ. მოქალაქეებს ხელთ ჰქონდათ ექსპერტიზის დასკვნები, რომ ბაღებში შეტანილი ე.წ. კარაქი, რეალურად, მარგარინი იყო.
დეპარტამენტის უფროსმა იგორ ელისეევმა სიტუაციის ახსნა სცადა და აცხადებდა, რომ აღნიშნულ პრობლემას სპეციალური კომისია სწავლობდა, რომ ის არაფერ შუაში იყო, საქმეს პროკურატურა სწავლობდა და შედეგი რამდენიმე თვეში გახდებოდა ცნობილი, თუმცა სამოქალაქო აქტივისტებმა მას უპასუხეს, რომ ბავშვები ვერ დაელოდებიან, რა დასკვნას დადებს პროკურატურა. ამის შემდეგ, რამდენიმე აქტივისტმა ადგილობრივი მაღალჩინოსანი ძალით გააკავა და დანარჩენებმა მას ის ე.წ. „კარაქი“ ძალით აჭამეს, რომლითაც საბავშვო ბაღებში აღსაზრდელები მოიწამლნენ.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, თავდაპირველად, წინააღმდეგობის გაწევა სცადა, „ნიანგის ცრემლებიც“ ღვარა, თუმცა საბოლოოდ, დანებდა და საფიხათო მარგარინი „მიირთვა“.
გაფრთხილება: ვიდეო შეიცავს კადრებს, რომლებმაც შესაძლოა, ადამიანების ნაწილზე უსიამოვნოდ იმოქმედოს.