logo_geo
eng_logo
ბიძინა გუჯაბიძე: „ქართული ოცნება“ პარლამენტში 115 დეპუტატს გაიყვანს“
- +

13 ივნისი. 2016. 19:01


კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა გუჯაბიძე „ახალ თაობას" „ოცნების" კოალიციიდან გასული მოკრიტიკე პარტიების პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და ხრიკებზე ესაუბრება.


- ბატონო ბიძინა, კოალიციიდან გასული პარტიები დღეს „ოცნების" კრიტიკით არიან დაკავებული. ნაკლოვანებებში „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ადანაშაულებენ, თქვენი პარტია კი დუმს. თქვენც ხომ არ წახვედით „ოცნებიდან"?

 

- კოალიცია ჩვენ გარეშე და ჩვენი სურვილების მიუხედავად დაიშალა. აღმოჩნდა, რომ საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან დაკავშირებით კოალიციის წევრ პარტიებს თავიანთი ამბიციები გაუჩნდათ. მათ ამბიციები გამოხატეს კიდეც. აქედან გამომდინარე, კოალიციის შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა.


- კოალიციიდან გასულად თქვენც ითვლებით?

 

- რადგან კოალიცია დაიშალა, ჩვენც ვითვლებით კოალიციიდან გასულად. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ დაგვიწყია ერთმანეთზე პასუხისმგებლობის გადაბრალება.


- ანუ კოალიციიდან გასული პარტიების კრიტიკა არაობიექტურია?

 

- გასული პარტიის სინდისსა და მორალზეა დამოკიდებული, კოალიციაში შემავალი პარტიების კრიტიკა, რამდენად ობიექტურია.


- პასუხისმგებლობა ყველას ერთად არ გეკისრებოდათ?

 

- დიახ, პასუხისმგებლობა ყველას ერთად გვეკისრებოდა და არა ცალ-ცალკე რომელიმე კონკრეტულად აღებულ პარტიას.


- კოალიციიდან გასული პარტიების კრიტიკას არ ეთანხმებით?

 

- არ ვეთანხმები. მათ ახლა ამოიდგეს ენა და კოალიციაში ყველა პოზიციას, სიკეთესა და პოლიტიკურ გავლენებს მშვენივრად ირგებდნენ. ასე რომ, ვერ დავეთანხმები კრიტიკას.


- ნაკლოვანებებზე რას იტყვით?

 

- ნაკლოვანება ბევრi გვაქვს, მაგრამ არც საჯაროდ გამოთქმულ კრიტიკას ვეთანხმები. ჯერ შენი თავი უნდა გააკრიტიკო და მერე სხვა. ობიექტურობის კრიტერიუმი არ არის დაცული და ვერც იქნება, რადგან კოალიციიდან გასულ პარტიებს პოლიტიკურმა ალღომ და წესიერებამ ცოტა უმტყუნა.


- ისე, რესპუბლიკელებზე ყოველთვის ამბობდნენ, რომ ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის მართვაში.

 

- ასეა. ბუნებრივია, ერთერთი წამყვანი ადგილი ეკავათ და პროცესებზეც გავლენა ჰქონდათ. ამას არავინ უარყოფს.


- თუკი მართვაში მონაწილეობდნენ, პასუხისმგებლობაც ეკისრებათ?

 

- რასაკვირველია.


- მაშინ რატომ არ სურთ მათ გარკვეული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება?

 

- ეგ მათ უნდა ჰკითხოთ. რაც ვთქვი, არა მარტო რესპუბლიკელებს, სხვებსაც ეხებათ.


- ჰო, ფორუმელებიც უცებ „ოცნებისა" და ბიძინას კრიტიკოსები გახდნენ, რაც ცოტა გასაკვირია.

 

- ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა პოლიტიკაში. როცა მიდიან დიდი ოჯახიდან, შემდეგ ოჯახის კრიტიკოსები ხდებიან. თავიანთი წასვლა რაღაცით ხომ უნდა გაამართლონ, უნდა დაასაბუთონ, რატომ არ გაჩერდნენ კოალიციაში. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ხრიკია. ამას მათ ვერავინ დაუშლის, მაგრამ, რამდენად სწორი და ობიექტურია, ამომრჩეველმა განსაზღვროს.


- თქვენ ბრძანეთ, რომ გარკვეულ პარტიებს რაღაც ამბიციები გაუჩნდათ. თქვენ არ გაქვთ ამბიციები?

 

- ჩვენი ამბიციები მთავრდება იქ, სადაც იწყება სამშობლოს, ქვეყნისა და სახელმწიფოს სიყვარული. ჩვენი ამბიციები არასოდეს შეგვიწირავს ამ ღირებულებებისთვის, არც მათ წინ დაგვიყენებია. ჩვენ გადახრები არ გვახასიათებს. სწორედ ამით გამოვირჩევით კონსერვატორები სხვებისგან. ყოველთვის ვცდილობდით, ისე მოვქცეულიყავით, რომ ხელისუფლების ცვლილება მომხდარიყო არჩევნების გზით, როგორც ეს მოხდა 2012 წელს. შიდა გარჩევები და კრიტიკა არასოდეს გარეთ არ გამოგვიტანია.


- პარტიის შიგნით ერთმანეთს აკრიტიკებდით?

 

- კრიტიკა იყო. კოალიციის შიგნით ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა.


- კოალიციის სხვა სუბიექტები შემჩნეული იყვნენ შიდა კოალიციური ამბებისა და ინფორმაციის გარეთ გამოტანაში?

 

- არა. მე ვსაუბრობ კრიტიკაზე, რომელსაც კოალიციის შიგნით ჰქონდა ადგილი. პოლიტიკური კრიტიკა ყოველთვის იყო, კრიტიკა შეიძლება გაგეზიარებინა, შეიძლება - არა, მაგრამ ამაზე ამბავი გარეთ არ გამოდიოდა და არც უნდა გამოსულიყო, თუმცა ნაკლოვანებებზე არც ჩვენ ვხუჭავდით თვალს. დღეს პარტიებს მეტი თავისუფლება აქვთ და რაც უნდათ, იმას ამბობენ.


- თქვენ აშკარად ცუდ ვითარებაში აღმოჩნდით - კოალიციიდან გასულად ითვლებით.

 

- არა, უარეს ვითარებაშიც ვყოფილვართ. ასე რომ, არავითარი გადაულახავი წინააღმდეგობები არ არის. ყველაფერი მოგვარდება და ჩვენ ჩვენს ადგილს დავიმკვიდრებთ ქართულ პოლიტიკაში, ისე, როგორც ადრე ვიყავით.


- არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობთ?

 

- ჯერ არ ვიცით, როგორი კონტაქტი გვექნება „ოცნებასთან". ჩვენ არ უარვყოფთ „ქართულ ოცნებასთან" ერთიან პლატფორმაზე დგომას, არც ადრე უარვყოფდით, ახლა - მით უმეტეს. ვერ ვხედავ სხვა ძალას, რომელიც ძალაუფლებას ხელში აიღებს, გარდა „ქართული ოცნებისა" და მასთან გაერთიანების სურვილის მქონე პარტიიებისა.


- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" 95 დეპუტატს გაიყვანს. თქვენი აზრით, რეალური ციფრია?

 

- დიახ. ეს პოლიტიკოსის სიმწიფეზე მეტყველებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა თქვა მინიმალური და მიიღო მაქსიმალური. ვფიქრობ, „ოცნება" მეტ დეპუტატს გაიყვანს.


- რამდენს გაიყვანს?

 

- ვფიქრობ, „ოცნება" 110-115 დეპუტატს გაიყვანს. ამ ფარგლებში ვიქნებით ხელისუფლებაში.


- ანუ ფიქრობთ, რომ თქვენც „ქართულ ოცნებასთან" ერთად იქნებით ხელისუფლებაში?

 

- დიახ. კოალიციური იქნება თუ სხვა კონფიგურაცია ჩამოყალიბდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ შიდა სამზარეულოში გვაქვს ამაზე საუბრები, მაგრამ პოზიციები ჯერ გამოკვეთილი არ არის.


- როდის იქნება საბოლოოდ ეს გარკვეული?

 

- როდესაც უკვე სრულმასშტაბიანი პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. ჯერ არ ვჩქარობთ არც ჩვენ და არც „ქართული ოცნება". ჩვენ ვესაუბრებით ყველა იმ პოლიტიკურ ძალას ან ჯგუფს, რომელიც შეიძლება გახდეს მომავალი კოალიციის წევრი „ქართულ ოცნებასთან" და თავისთავად კონსერვატორებთან. ჯერ კიდევ დუღილი მიდის. დაველოდოთ მოვლენებს.

 

გულიკო ბალაძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner