logo_geo
eng_logo
14 ივნისს გიორგი ქობელაშვილის გამოფენა მოეწობა!
- +

13 ივნისი. 2016. 19:21

14 ივნისს, 19:00 საათზე, შშმ პირების უფლებების დაცვის დღეს, თიბისი გალერეა უსინათლო მხატვრის, გიორგი ქობელაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას „თვალით და გონებით დახატული" უმასპინძლებს. 

ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ შექმნილი 70-ზე მეტი ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, ნამუშევრები, რომლებიც გიორგი ქობელაშვილმა 2001 წლამდე, მხედველობის დაკარგვამდე და მას შემდეგ შექმნა.

უსინათლო მხატვრის შემოქმედება პორტრეტის, ნატურმორტისა და პეიზაჟის ჟანრშია შესრულებული. ხატვის საკუთარი მეთოდით შექმნილი ნამუშევრები ექსპრესიულობით, ფერების სიმრავლითა და პოზიტიურობით გამოირჩევა. 

გიორგი ქობელაშვილისთვის განსაკუთრებულად საყვარელია ძველი თბილისის თემა. სწორედ ამიტომ, ამ თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს მის შემოქმედებაში საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია. 

მხედველობის დაკარგვის მიუხედავად, გიორგი ქობელაშვილი დღემდე სხვადსხვა ჟანრში, მათ შორის გრაფიკაში მუშაობს, რაც განსაკუთრებულ სიზუსტეს, გამომსახველობით ფორმასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ის აქტიურად მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. 

გიორგი ქობელაშვილმა მხედველობა 90-იანი წლების შემდეგ დაკარგა. ამბობს, რომ მისი შემოქმედება და ცხოვრების სტილი შშმ პირებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია. 

უსინათლო მხატვრის პერსონალური გამოფენა დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 17 ივნისამდე ელოდება. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner