„საზღვრებზე კონტროლს ვაძლიერებთ, რომ ქვეყანაში ინფექციის შემოსვლის ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ, მაგრამ ინფექცია შედის ყველაზე უფრო დაცულ ქვეყნებშიც“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც საქმე გვაქვს ეპიდემიასთან და პანდემიასთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ზედმეტად არ დავთესოთ მოსახლეობაში პანიკა.
„ზოგადად, სიტუაცია მიდის უფრო გავრცელებისკენ, პანდემიური ხასიათი ეძლევა, ამიტომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პანდემიური მზადყოფნის რეჟიმი, რომელიც ჩვენ საქართველოში უკვე გამოვაცხადეთ რამდენიმე დღის წინ. ეს ნიშნავს, რომ ისევ და ისევ ვაძლიერებთ საზღვრებზე კონტროლს, რომ ქვეყანაში ინფექციის შემოსვლის ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ, მაგრამ ინფექცია შედის ყველაზე უფრო დაცულ ქვეყნებშიც. მეორე მომენტი არის ჯანდაცვის ქსელის მზადყოფნა, რომ ადეკვატურად უპასუხოს გამოწვევას. ეს ნიშნავს შესაბამისი საკარანტინო სივრცეების არსებობს, ლაბორატორიული სიმძლავრეების, სამედიცინო პერსონალის სიმძლავრეების არსებობა , პერსონალური დაცვის საშუალებების არსებობა და ასე შემდეგ. ყველა ეს საშუალება ქვეყანაში არსებობს და მიმდინარეობს მათი უწყვეტ რეჟიმში შევსება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, ჩინეთში მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი მატულობს და 33 000 ადამიანი სრულად გამოჯანმრთელდა.
მთელს მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 82 000 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვალების 2763 შემთხვევა ფიქსირდება. შემთხვევათა 98% კონცენტრირებულია ჩინეთში.