logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე კორონავირუსზე: პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჯანდაცვის სექტორი გამოწვევას მზად ხვდება
- +

27 თებერვალი. 2020. 15:57

 

„საავადმყოფოები უზრუნველყოფილია შესაბამისი მედიკამენტებით, მედპერსონალი უზრუნველყოფილია სათანადო ეკიპირებით. პანიკის საფუძველი არ არსებობს“, - აცხადებს დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

 

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი აჟიოტაჟი რეალობას არ ასახავს.

 

„საქართველოში, სამწუხაროდ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. დღევანდელი მოცემულობა მაგონებს ფრაზას: ისე არ წვიმს, როგორც ქუხს, რადგან ქვეყანაში შექმნილი აჟიოტაჟი რეალობას არ ასახავს. პირველ რიგში ვთქვათ, რომ მსოფლიოში კორონავირუსისგან 32 ათას ადამიანზე მეტი განიკურნა, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ, თუ მკურნალობა სწორად წარიმართა, დაავადებასთან ბრძოლა და მისი დამარცხება შესაძლებელია.

 

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს და მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, უნდა ვთქვათ, რომ ჯანდაცვის მინისტრი მის წინაშე არსებულ გამოწვევებს ღირსეულად პასუხობს, მნიშვნელოვანია, რომ კვლევები კორონავირუსზე საქართველოში ხორციელდება (ლუგარის ლაბორატორიას 2000-მდე ტესტი აქვს მარაგში). ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მზად არის ოთხი ინფექციური საავადმყოფო (თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში), სადაც 500 საწოლია. ყველა საავადმყოფო უზრუნველყოფილია შესაბამისი მედიკამენტებით, ასევე, მედპერსონალი უზრუნველყოფილია სათანადო ეკიპირებით. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჯანდაცვის სექტორი გამოწვევას მზად ხვდება.

 

რაც შეეხება, ზოგადად, ქვეყნის მომზადების დონეს, მას შემდეგ, რაც საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა, ქვეყანა დაბალი რისკის ზონიდან მაღალი რისკის ზონაში გადავიდა, შესაბამისად, ყველა უწყება მობილიზებულია და მაქსიმუმს აკეთებს, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. საქართველოს უკვე შეჩერებული აქვს ავიამიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან (ირანთან ორი კვირით აიკრძალა სახმელეთო მიმოსვლა). ასევე, ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გაძლიერებულია კონტროლი“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

ინფორმაციისთვის, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირება დაადასტურა.

 

ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner