როგორი უნდა იყოს ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამები ბავშვებისთვის და როგორ უნდა მიუდგეს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს სახელმწიფო, სწორედ ამ საკითხებზე ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით საფრანგეთის განთავსებისა და ინტეგრაციული განათლების ინსტიტუტსა და სამსახურს ესტუმრნენ.
საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, დეტალურად გაეცნენ იმ პროგრამებსა და მიდგომებს, რომელსაც ფრანგული მხარე ბავშვთა ზრუნვის მხრივ ახორციელებს.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტმა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ სახით მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრესული დოკუმენტი, ახლა მთავარია, ევროპული გამოცდილების გაზიარებით მისი ჯეროვანი იმპლემენტაცია განვახორციელოთ და მაქსიმალურად გავეცნოთ სახელმწიფოს მხრიდან ბავშვზე ზრუნვის ევროპულ მოდელს, რათა 1 ივნისს, კოდექსის ამოქმედებას, ყველა შესაბამისი უწყება მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გაერო-ს ბავშვთა ფონდს და საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, მათი მხარდაჭერით შედგა ეს ვიზიტი“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველისა და სასამართლოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტს დღეს ასრულებს.