"ახლაც და მერეც ანუ კორონავირუსის სახელმძღვანელო", - ამ დასათაურებით საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"1. კორონავირუსის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში გარდაუვალი იყო. ალბათ გუშინდლამდეც შემოეხეტა რომელიმე საზღვრიდან და მეტიც - მსუბუქი გაციების ფორმით, შესაძლოა გადავიტანეთ მეც, შენც და სხვამაც. თავის დროზე ასე "ვუმასპინძლეთ" ე.წ. ღორის გრიპს და სხვა უარეს ვირუსულ დაავადებებს. შესაბამისად, აპოკალიფსი არ იქნება. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.
2. მაგრამ აპოკალიფსი არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ ამ გრიპზე იოლად, უფრო სხვა რამ ღუპავს ადამიანს. ამჯერად უკვე მეტაფორებით როდი გელაპარაკებით - სიძულვილზე და შიშზე. არა, ძალიან კონკრეტულ საქმეზე მოგახსენებთ. ნუ დაცლით მაღაზიებს საკვები პროდუქტებისგან და აფთიაქებს წამლებისგან, ნუ გავხდებით ადამიანი-აქლემები. პური და კუჭის წამალი მაინც დავტოვოთ. კუჭის წამალი გრიპს ვერ შველის. და გაითვალისწინეთ რომ შიმშილიც კლავს. და თუ გრიპიანი არ მივდივართ სამსახურში, სხვების მოსაფრთხილებლად, ნურც ასე გამოვაცლით ლუკმას და პარაცეტამოლს, მას ვისაც მხოლოდ მათი ყიდვა შეუძლია. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.
3. კი. ხელი დავიბანოთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.
4. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს განსაკუთრებით მოერიდეთ ადამიანები, რომელთა ასაკიც 70 წელს ზემოთაა და თანაც გულსისხლძარღვთა დაავადების მქონეები ან დიაბეტის მატარებლები ხართ. მოერიდეთ, მაგრამ თავს ნუ გაირიყავთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.
5. თუ ვინმეს ქუჩაში პირბადით დაინახავთ და ამ დროს ღია ფანჯრიდან რომ ტელევიზორი მოჩანს, იქ ჩაკ ნორისმა ჩაახველა, არ გაიქცეთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.
6. ნუ გადაკოცნით დიდი ვნებით ყველას, მაგალითად, ადამიანს, რომელიც პირველად ნახეთ და თქვენი თანაკლასელის თანაკლასელი აღმოჩნდა - სხვა ქალაქში როცა გადავიდა და იქ სწავლობდა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.
7. ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, კორონავირუსის შტამი სხვა აქამდე ნაცნობ გამოვლენებთან შედარებით, რომელთაგან უმეტესი ახლაც გვემართება, ნაკლებად იწვევს სიკვდილს. შესაბამისად, მთავარი პრობლემა კორონას ვაქცინის დამზადებაა, რაც დროის საკითხია და მოთმინების. პანიკა არ ვარგა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.
8. ნუ გამოიყენებთ ფრაზას "რას ამბობ, სხვაგანც ასე ხდება". ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.
9. ვიკითხოთ წიგნები, ვიშრომოთ, ვისწავლოთ, გავითვალისწინოთ ერთმანეთი, ვიყოთ თავისუფლები. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.
თქვენი გიორგი კეკელიძე - ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა", - წერს გიორგი კეკელიძე.