ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ დიპლომატიური კორპუსის უდიდესი ძალისხმევით ყინული დაძრულია და შესაძლებლობა ჩნდება რომ ფორმალური დიალოგი საარჩევნო სისტემაზე განახლდეს.
“განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოში აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ ელიზაბეტ რუდს, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს ბატონ კარლ ჰარცელს და გერმანიის ელჩს საქართველოში ბატონ ჰუბერტ ქნირშს.
სწორედ დიპლომატიური კორპუსის, ჩვენი ქვეყნის მეგობრების დამსახურებაა, რომ შესაძლებელია საარჩევნო სისტემაზე დიალოგი განახლდეს.
დღეს იყო ახალ შემოთავაზებებზე საუბარი და მსჯელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, თუმცა რომელიმე კონკრეტული, საბოლოო პოზიციის გაჟღერება ჯერ ძალიან ნაადრევია.
დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილის საერთო პასუხისმგებლობაა, რომ არც ერთი პრინციპული პოზიცია არ დაფიქსირდეს, ვიდრე დიალოგის ფორმალურ მაგიდაზე არ იქნება კონკრეტული წინადადება შეთავაზებული.
წინასწარ გაჟღერებულმა ნებისმიერმა არასწორმა ინფორმაციამ შეიძლება დააზიანოს დიალოგი.
დიალოგის დაზიანება კი ნიშნავს, რომ პოლიტიკური კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე ვერ შედგება და ჩვენი ქვეყანა მომდევნო 4-5 წლის მანძილზე დარჩება მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობის რისკის ქვეშ” - აცხადებს მარიამ ჯაში.