logo_geo
eng_logo
ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
- +

27 თებერვალი. 2020. 20:58

  

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი გასულ კვირას ქართველი სპორტსმენების წარმატებებს გამოეხმაურა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, გასული კვირა ქართული სპორტისათვის იყო წარმატებული, ჩვენმა სპორტსმენებმა უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს და ეს არის გამოხმაურება იმაზე, რა შეტევაც იყო მათ მიმართ განხორციელებული. ეს იყო კალათბურთელების სერბეთთან გამარჯვება, სადაც მათ ისტორიული შედეგი გვაჩვენეს, იგივე შემიძლია ვთქვა ძიუდოისტების გამოსვლაზე. ეს არის გამოძახილი იმ ადამიანების დამოკიდებულებაზე. მინდა მივულოცო და დიდი წარმატება ვუსურვო ქართულ სპორტს და მთელ საქართველოს“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა.

 

„მეც ვიზიარებ და ვუერთდები სპორტსმენებისადმი გამოხატულ მხარდაჭერის სიტყვებს. შთამბეჭდავი კვირა იყო ნამდვილად და ეს აქცენტები რომელიც გაკეთდა ბატონი შოთას განცხადებაში, განწყობა რომლიც საქართველოს ხელისუფლების და ჩვენი საზოგადოების მიმართ არსებობს ჩვენი სპორტსმენების მიმართ, არის მნიშვნელოვანი. ამაზე ხშირად საუბარი არის მნიშვნელოვანი. წინ გვაქვს დიდი ამოცანები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს სახელმწიფო ამოცანებს და სპორტი ამ თვალსაზრისით კარგად გამოხატავს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების სურვილს, მისწრაფებებს და ჩვენს ამოცანებს“,-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

 

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  მხოლოდ ერთი საკითხი იქნა განხილული. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი  ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად განსახილველად საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

 

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმოქმედებს ერთიანი, სისტემური საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს, ინსტიტუციების მიხედვით დაადგენს ვალდებულებებს შესაბამის სფეროში სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მათში მოცემული ღონისძიებების დროის განსაზღვრულ მონაკვეთში განხორციელების შესახებ და დანერგავს კონვენციის იმ სტანდარტებს, რომლითაც ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება ჯანდაცვის, განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის, დასაქმების, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით, ისევე, როგორც საზოგადოებაში ამ პირთა ინტეგრაცია და მათთვის ყველა სახის მომსახურების ხელმისაწვდომობა.

 

„ეს იქნება ახალი კანონი, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს ამ ტიპის ურთიერთობებს. ჩვენ პრინციპულად ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ეს ყოფილიყო ერთი ცალკე მდგომი საკანონმდებლო აქტი, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მაქსიმალურად მაღალი სტანდარტის და რაც მთავარია სამართლიანად დაცვის ფუნქციას. საზოგადოებამ და სახელმწიფომ უნდა დაადასტუროს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვა მოითხოვს უმაღლესი სტანდარტით დაცვას იმისთვის, რომ ნებისმიერ სიკეთეზე ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობა არსებობდეს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

მომხსენებელმა განმარტა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა დაფუძნებული იქნება სოციალური მოდელის მიდგომაზე, რომელიც ამ კატეგორიის პირთა რეალური საჭიროებების განსაზღვრასა და შესაბამის რეაგირებაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღებით შემოღებული იქნება „უნივერსალური დიზაინის“ პრინციპი და ამოქმედდება ვალდებულება, ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობასა და ახალი სერვისების შემოღებასთან ერთად, დროის 15-წლიანი პერიოდის განმავლობაში განხორციელდება უკვე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ამავე დროს, იმოქმედებს „გონივრული მისადაგების“ პრინციპი, რომელიც თავიდან ააცილებს ქვეყანას არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას.

 

მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და პროექტით გათვალისწინებულ სიახლეებზე და ცვლილებებზე დამატებითი და დეტალური განმარტებები გააკეთა. „მუნიციპალურ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ამ საკითხის ირგვლივ თანამშრომლობა დაწყებულია და სხვადასხვა ეტაპზე იმ ამოცანების გათვალისწინებით რაც იარსებებს, ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“- განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალური მხარდაჭერა, ამ მიმართულებით პოლიტიკის განსაზღვრა, რათა საკანონმდებლო ნორმა არ იყოს მხოლოდ ტვირთი და  იყოს ფუნქცია, რომლის განხორციელება იქნება წინაპირობა და საზოგადების შესაძლებლობა  მათივე პოლიტიკაში ჩართულობისთვის.

 

კენჭისყრით გაერთიანებულ სხდომაზე კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს საკითხის პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას.

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული დარჩენილი საკითხები  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილა, მათ შორის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად.

 

მომხსენებელმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირები და ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს. შესაბამისად, დადგა წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების აუცილებლობა, რომლითაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე, მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი გადაწყვეტილებით, გამოიყენოს კანონმდებლის მიერ მინიჭებული შესაძლებლობა და დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილში/დასახლებათა ერთობლიობაში, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს, უზრუნველყოს მართვის პროცესში არსებული პრობლემების და გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრა.

 

მომხსენებლის განმარტებითვე, ცვლილება დადებითად აისახება დასახლებებში მართვის პროცესის ეფექტიანობაზე, ვინაიდან მუნიციპალიტეტებს მიეცემათ შესაძლებლობა შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მოახდინონ მათი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, განუსაზღვრონ მათ შესაბამისი უფლებამოსილებები.

 

მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ  წარადგინა.

 

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, დემარკაციის შედეგებზე დაყრდნობით, დაცული ტერიტორიის საზღვრის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. შესაბამისად, დემარკაციის შედეგები უნდა აისახოს კანონში. კანონპროექტის მიღების შედეგად, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლის დემარკაციის შედეგები (ახალი ფართობი და კოორდინატები). კერძოდ, ბუნების ძეგლის საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა (სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები) და ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს

 

კომიტეტის სხდომაზე დღესვე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2017 წლის 12 ივნისს ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N2 ცვლილების წერილი-შეთანხმება განიხილეს.

 

მომხსენებლის,  საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, პროექტი ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის დაფინანსებას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების მიზნით  ADB  გამოყოფს პროექტისთვის საჭირო ფინანსური რესურსის ნაწილს (დაახლოებით 114 მილიონი აშშ დოლარი).პროექტის დაფინანსება ასევე ხორციელდება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ფინანსური  რესურსით.

 

პროექტს  საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამი ნისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით ახორციელებს.

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებს კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს და შესაბამისი დასკვნები პარლამენტის ბიუროს გადაუგზავნეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner