logo_geo
eng_logo
თედო კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ამ საქმის ყველა დეტალს შეისწავლის
- +

13 ივნისი. 2016. 20:17


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა და საგანგებო განცხადება გააკეთა.


თევდორე კობახიძემ მოუწოდა მთავარ პროკურატურას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია გაასაჯაროვოს.


„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მე გავაკეთებ კომენტარს და ეს იქნება ერთადერთი და ბოლო კომენტარი, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო გამოძიების შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ამ თემაზე.

 

მინდა გამოვეხმაურო გადაცემის „P.S." სიუჟეტში ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გაჟღერებულ ცრუ ბრალდებებს.

 

თავს ვალდებულად ვთვლი, საზოგადობას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია მივაწოდო.

 

ბადრი ჯავახიშვილი ექვსი თვის განმავლობაში ჩემი, ანუ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სამდივნოს თანამშრომელი იყო. ის საკრებულოში 2015 წლის 16 ივლისიდან - ამავე წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა. სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების გამო ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ჯავახიშვილს შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა.

 

ყურადსაღები ფაქტია, რომ ვითომდა კომპრომატების მქონე ბადრი ჯავახიშვილს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 6 თვისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ ახსენდება, თითქოსდა, ჩემი მხრიდან მის მიმართ გამოძალვა ხორციელდებოდა.

 

საინტერესოა ისიც, თუ ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ მის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედება ხორციელდებოდა, ლოგიკურია, ამ შემთხვევაში მას საგამოძიებო ორგანოსთვის მიემართა, რის ნაცვლადაც ის სკანდალის მოყვარულ (განსაკუთრებით ჩემს მიმართ) კობა კობახიძის მეშვეობით მიდის ,,რუსთავი 2'' -ში და დგამს სცენარს.

 

ბადრი ჯავახიშვილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, ამ შემთხვევაში ჩემს დას, საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს ფულს სძალავდა. სწორედ ჯავახიშვილმა გაუგზავნა მანანა კობახიძეს ლიბერთი ბანკში არსებული თავისი ანგარიშის ნომერი, რომელზეც ხუთი ათასი ლარის ჩარიცხვა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ ბინძური და ცილისმწამებლური კამპანიის დაწყებით დაემუქრა.

 

მას შემდეგ რაც ჩემთვის ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, ვაცნობე ვაკე-საბურთალოს პოლიციას. აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. ვაკონკრეტებ - პიროვნება ბადრი ჯავახიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ფაქტები, უტყუარი მასალა და მტკიცებულებები საგამოძიებო ორგანოში უკვე წარდგენილია. აქვე ავღნიშნავ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბინძური კამპანიის წამოწყებით ჯავახიშვილი საკუთარი დანაშაულის გადაფარვასა და სისხლისსამართლის საქმის პოლიტიზირებას შეეცადა.

 

მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გახსნას და გაასაჯაროვოს ყველა ის ინფორმაცია რაც ჩემგან თუ ჩემი ოჯახის წევრისგან წარდგენილია საგამოძიებო უწყებაში.

 

რაც შეეხება თანხის ჩარიცხვას ჩემს ანგარიშზე - როგორც მოგეხსენებათ, ბადრი ჯავახიშვილი ჩემი კლასელი და ახლობელი იყო და მისთვის მე არაერთხელ გამიმართავს ხელი, ხშირად მისესხებია ფული, ვცდილობდი შეძლებისდაგვარად გვერდით დავდგომოდი, რასაც ჩემს მიერ მისი დასაქმების ფაქტიც მოწმობს.

 

ჩემთვის ფრიად სამწუხაროა, რომ ამგვარ ფაქტებზე ღიად საუბარი გვიწევს, თუმცა მან მე, თავისი ქმედებებით სხვა გამოსავალი არ დამიტოვა.

 

ამ შემთხვევაშიც მას ჰქონდა ჩემი ვალი, ხოლო როდესაც ერთ ადამიანს გააჩნია მეორე ადამიანის ვალი არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულება ვალის დაბრუნების შესახებ. მის მიერ ჩემს ანგარიშზე თანხის შეტანაც, სწორედ ამ ვალის დაფარვას ემსახურებოდა. ის ვალს მე ეტაპობრივად მიბრუნებდა.

 

და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ამ ადამიანის შესახებ კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს დაადგენს, რომლებზეც საუბრიდან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

 

ვწუხვარ, რომ ადამიანი, რომელიც სარგებლობდა ჩემი ნდობით და რომლისთვისაც მე არაერხელ გამიმართავს ხელი, დღეს ვიღაცეების მხრიდან გამოყენებულია ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ ცილისმწამებლური ბინძური კამპანიის საწარმოებლად.

 

დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ამ საქმის ყველა დეტალს შეისწავლის, ამიერიდან ამ საქმის შესახებ უკვე საგამოძიებო უწყებებიდან გახდება ცნობილი და საზოგადოებაში კითხვის ნიშნები აღარ დარჩება",- განაცხადა თევდორე კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner