კორონავირუსის გამო, სოხუმის და ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმებმა დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. გამშვები პუნქტები ჩაკეტეს. აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მოძრაობა 7 აპრილამდე შეზღუდა. ე.წ. მესაზღვრეებმა უკან დააბრუნეს ტურისტებიც, რომელთაც უთხრეს, რომ კორონავირუსის გამო კარანტინია და აფხაზეთში ვერ შეუშვებდნენ.
„მან ახლა საქართველომდეც მიაღწია. ეს სამხრეთ ოსეთისთვის სერიოზული გამოწვევაა. რეაქცია ოპერატიული უნდა იყოს“, - აღნიშნა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა. ამ უკანონო გადაწყვეტილებების შესახებ სუს-მა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია უკვე მიაწოდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის მამაკაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გაძლიერებული კონტროლის რეჟიმზეა გადასული ქვეყნის ყველა აეროპორტი, სახმელეთო საზღვრებზე კი გამშვები პუნქტები. დღეიდან ყველა ადგილზე ექიმების რაოდენობა გაიზრდება, 24-საათიან რეჟიმში მოწმდება ყველა მგზავრი.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ მგზავრებს, რომლებიც რისკ-ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან მოდიან. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, სამხრეთი კორეა, ირანი და იტალია. მგზავრებს საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთისთანავე ამოწმებენ და იმ შემთხვევაში, თუ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ, კლინიკაში გადაჰყავთ და კვლევას უტარებენ.
გუშინ არც ერთ საზღვარზე არ დადასტურებულა საეჭვო სიმპტომებიანი მგზავრის შემოსვლა. ამ ეტაპზე ავიამიმოსვლა შეჩერებულია ჩინეთის და ირანის მიმართულებით. ხელისუფლება სხვა რომელიმე ქვეყანასთან ფრენის შეჩერებას ამ ეტაპზე არ განიხილავს.
მკაცრად კონტროლდება ქვეყნის ყველა სასაზღვრო პუნქტიც. რაც შეეხება სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდს“, საიდანაც 2 დღის წინ საქართველოში აზერბაიჯანის გავლით, კორონავირუსით დაინფიცირებული კაცი შემოვიდა, სხვა გამშვები პუნქტების მსგავსად, აქაც მგზავრებს მხოლოდ სპეციალური შემოწმების შემდეგ უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დამატებით ზომებს შსს-მაც მიმართა.