საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, მოქალაქეთა მიმართვიანობა გაზრდილია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ჰოსპიტალიზება გრიპის ვირუსის კოდით მნიშვნელოვნად მომატებული არ არის.
„ბოლო ორი კვირის მანძილზე მნიშვნელოვანი ზრდა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების გამოძახების არ გვაქვს. არის მცირედი ზრდა. თუმცა, ორი დღის განმავლობაში, როდესაც გამოცხადდა, რომ დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევა, მას შემდეგ შესაძლოა, იყოს მიმართვიანობა გაზრდილი. თუმცა, ჰოსპიტალიზება გრიპის ვირუსის კოდით მნიშვნელოვნად მომატებული არ არის. გვაქვს არამიზნობრივი გამოძახებები, როდესაც მოქალაქე რეკავს და ამბობს, რომ ირანის მოქალაქემ ჩაუარა გვერდით ქუჩაში და აინტერესებს, ხომ არ გადაედო ვირუსი“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კი უკვე მეორე შემთხვევა დადასტურდა - დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა.