„ბოლო წლების განმავლობაში, საჯარო მომსახურების რეფორმის კუთხით, საქართველომ ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაქ-ქენზი სმიტმა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის პრეზენტაციის მონაწილეებს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა.
დიდი ბრიტანეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრიტანეთის მთავრობის მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარებაში.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს რეფორმები წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების კატალიზატორს. ნება მომეცით, მოვიყვანო ციტატა დონორების წინაშე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ წარმოთქმული სიტყვიდან. მან ხაზი გაუსვა საჯარო ადმინისტრირების რეფორმის, ღია მმართველობის, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი, ანუ პროფესიული და არაპარტიული საჯარო სექტორის აუცილებლობას, რომელსაც შეუძლია, ემსახუროს ქართველ ხალხს გარე ფაქტორების მიუხედავად. ჩემდა საბედნიეროდ, თითქმის 3 წლის წინ, 2017 წელს, მე ვმონაწილეობდი ამ პარტნიორობის შექმნის პროცესში და ამ 3 წელიწადში განხორციელდა ბევრი რეფორმა და ცვლილება. მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მაგალითად, მიღებულია უამრავი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საჯარო ადმინისტრირების რეფორმის ფარგლებში. აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაციის უდიდესი წვლილი ამ საქმეში, ასევე ახლახან დამტკიცებული სტრატეგიული დოკუმენტების შეფასების და მონიტორინგის წესები. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპი სტრატეგიების შემუშავებაში მთავრობის ერთიანი მიდგომის შექმნისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა ჯასტინ მაქ-ქენზი სმიტმა სიტყვით გამოსვლისას.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელების პროცესში საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს გვერდით დგას.
„საქართველოში ინტენსიური წინასაარჩევნო პერიოდია. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის ურყევმა გადაწყვეტილებამ - საჯარო ადმინისტრირების რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით, ასევე, ღიაობამ ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვასთან დაკავშირებით. ამ რეფორმების განხორციელებაში საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ასევე აღვნიშნავ საჯარო მოხელეების ღვაწლს. თქვენ უნდა ამაყობდეთ უკვე მიღწეულით. თქვენ ხართ ამ რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ ბევრი ადამიანის და ქვეყნის შთაგონების წყარო. ეს გზა გრძელდება და ამ გზაზე შეგიძლიათ თქვენს გვერდით იგულოთ ბრიტანეთის მთავრობა“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.
პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის პრეზენტაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გახსნა. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო ფართო საზოგადოებისთვის 2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის #629 დადგენილებით მიღებული სიახლეების გაცნობა - პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.