თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ „მთავარ არხს“ ბოიკოტი გამოუცხადა და მოითხოვა, ამ ტელევიზიის წარმომადგენლებს საბრიფინგო სივრცე დაეტოვებინა. მას შემდეგ, რაც მედიამ ეს არ გააკეთა, მარინა ეზუგბაიამ არც ერთი ჟურნალისტის კითხვას არ უპასუხა და ტერიტორია თავად დატოვა.
„მთავარ არხზე“ გასული შეკვეთილი სიუჟეტის დროს გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელების გამო, ბოიკოტს ვუცხადებ „მთავარ არხს“. თუ თქვენ და თქვენი ოპერატორი არ დატოვებთ ბრიფინგის სივრცეს, არ გავაკეთებ განცხადებებს. არ ვიწყებ, ბოიკოტს ვუცხადებ „მთავარ არხს“, დატოვოს საბრიფინგო სივრცე, თუ არა და, მე არ გავაგრძელებ განცხადებებს. შევთანხმდით? არ შევთანხმდით, კარგად ბრძანდებოდეთ“, - თქვა ეზუგბაიამ და ტერიტორია დატოვა.
„მთავარ არხზე“ გუშინ, 28 თებერვალს გავიდა სიუჟეტი, სადაც ინფექციურ საავადმყოფოში არსებულ პრობლემებზე იყო საუბარი. ჟურნალისტების ინფორმაციით, შენობაში ანტისანიტარიაა, პაციენტები „იძულებით დიეტაზე დასვეს“ და მედპერსონალს შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვს.