თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მთლიანად გათავისუფლდება სხვა პაციენტებისგან და მომზადდება საკარანტინო ზონად. ამის შესახებ დღეს, 29 თებერვალს კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა. მისივე თქმით, იქ თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელიც პოტენციურად დაინფიცირებულია კორონავირუსით, ხოლო კლინიკაში აქამდე მყოფი პაციენტები კი თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდებიან.
„ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში, ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებიც შესაძლებელია, იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები. ჯერჯერობით ეს იქნება საკარანტინო ზონა. ჩვენთან ამჟამად 88 ავადმყოფი შეგვიძლია მივიღოთ და გვყავდეს დაკვირვების ქვეშ. დღეს მთლიანად დაიცლება პაციენტებისგან კლინიკა და ხვალიდან ან ზეგიდან დავიწყებთ მიღებას“, - თქვა კლინიკის დირექტორმა.
მისივე განმარტებით, თუ ვითარება გაუარესდა, უმჯობესია, მომზადებული შეხვდნენ. ლევან გოფოძის თქმით, ასეთ შემთხვევაში კლინიკაში მოთავსდებიან ის ადამიანები, ვინც ახალ კორონავირუსთან მიმართებით მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. მისი თქმით, ასეთები არიან ადამიანები, რომლებმაც მაღალი რისკის მქონე ქვეყნაში იმოგზაურეს და შემდეგ დაბრუნდნენ, ან რომლებსაც ინფიცირებულ პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ და ა.შ.
ამასთან, ლევან გოფოძის თქმით, დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში როგორ მოიქცევიან, ესეც გაიწერება.
„იმისათვის, რომ გამოცხადდეს საკარანტინო ზონა, კლინიკის მომზადება უკვე დავიწყეთ. ყველა პაციენტს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, თანდათან გადავიყვანთ სხვა კლინიკებში. ეს რესპუბლიკური საავადმყოფოსათვის ახალი არ არის, ჩვენ ხშირად გადაგვიყვანია პაციენტები სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციებში სხვა კლინიკებში. ასე რომ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ ეპიდზონა არ შეიქმნას და ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდე დავიდეს. ეს ვინმეს ახირება არ არის, ეს ძალიან სწორი ღონისძიება გახლავთ. ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო, როგორც სახელმწიფო კლინიკა, ამაში მონაწილეობას მიიღებს. პირველ ეტაპზე ჩვენ სულ 88 პაციენტს მივიღებთ. თუ როდის გადავალთ საკარანტინო ზონაზე, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული, გააჩნია ეპიდსიტუაციას. თუ ბევრი პაციენტი იქნება, მაშინ დავიწყებთ მიღებას. ამ ეტაპზე, ანუ დღეს და ხვალ პაციენტების მიღებას არ ვგეგმავთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
მისი განმარტებით, საავადმყოფოში ამ დროისთვის მოთავსებულ პაციენტებს სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანენ.
„სხვა პაციენტები, რომლებიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას გადიან, არიან ნაოპერაციები, წვანან რეანიმაციაში, პრევენციის თვალსაზრისით სხვა კლინიკაში გადაგვყავს. გადაყვანის პროცედურა დღეს დავიწყეთ და ხვალ დავასრულებთ. შემდეგ კი უკვე ახალი გამოწვევისთვის მოვემზადებით“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.