„არსებობს ზნეობრივი კოდექსი და ჩვენ ჩავთვალეთ რომ გუშინ „მთავარმა არხმა“ არამარტო დაარღვია ზნეობრივი კოდექსი, არამედ გადალახა წითელი ხაზი“, - ეს განცხადება მედიასთან ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.
მისი თქმით, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა დეზინფორმაცია.
„ცილისმწამებლური დეზინფორმაცია, რომელიც შეიცავდა ერთი - ფაქტობრივ ტყუილს, მეორე - დაუმსახურებელ შეურაცხჰყოფას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის კოლექტივის მიმართ. რომელიც ყველამ იცის რომ მთელი თვეა საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან პაციენტებს 24 საათიან რეჟიმში.
ეს კოლექტივი გამოირჩევა განსაკუთრებული გულისხმიერებით და პაციენტების მოვლის განსაკუთრებული თვისებებით და თვითშეგნებით, მაღალი პროფესიონალიზმით. ამ კოლექტივზე თქმა რომ უყურადღებოდ მიატოვეს პაციენტები, რომ 10 საათიდან არავინ შესულა პაციენტებთან, რაც არის აბსოლუტური სიცრუე, სულ იქ ტრიალებენ ექიმები.
რაც შეეხება თერმომეტრებს - მათი საჭიროზე მეტი რაოდენობაა და თითოეული მათგანი დევს სადეზინფექციო სითხეში. ან როგორ შეიძლება პაციენტმა,რომელიც ბოქსში წევს და არ აქვს ბოქსის დატოვების უფლება, სცოდნოდა სხვა სითხებში ჩადებული ვისი თერმომეტრებით უზომავენ პაციენტებს სიცხეს. ყველაფერი ამით „მთავარმა არხმა“ არამარტო შეურაცხყოფა მიაყენა ცენტრის კოლექტივს, არამედ - საფრთხე შეუქმნა საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც დღეს აღენიშნება ან შეიძლება აღენიშნებოდეს რესპირაციული ვირუსის სიმპტომები და არ მოვიდნენ გამოსაკვლევად ცენტრში. „მთავარი არხი“ თუ გააკეთებს ამის დეზაუირებას, გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ კორონავირუსზე შეკვეთილი სიუჟეტის მომზადებაში დაადანაშაულა და ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, ის ჟურნალისტებს არაფერს ეტყვის მანამ, სანამ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიას „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი არ დატოვებს.