საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მრევლს ქადაგებით მიმართა. მანამდე სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა აღევლინა.
„ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი, საიდანაა - ღვთისაგანაა თუ ბოროტისაგანა? ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ღვთის ლოცვით, ღვთის, ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს”, - ამ სიტყვებით მიმართა მრევლს უწმინდესმა.
მისივე თქმით, ჰქონდა ხილვა, რაც არის ნიშანი, რომ ღვთის და ჯვრის ძალით ადამიანი ამ სენზე გაიმარჯვებს.
„მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე.
არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი დაძლევისათვის”, - აღნიშნა ილია მეორემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მძიმეა სასულიერო პირის ჯვარი. „პასუხისმგებელია ადამიანი არა მარტო თავის თავზე, არამედ მრევლზე და ეს 42 წელი, რომელიც დამაკისრა მე მამა ზეციერმა, იყო უმძიმესი წლები, მაგრამ თქვენი თანადგომა და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეს“, - ბრძანა პატრიარქმა.