საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის შოთა გორგოძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მასთან შეხვედრას იხსენებს.
„ეს იყო ალბათ 1988 წელს. ჩემი დეიდაშვილის ქორწილის მეორე დღის ქეიფი წყნეთში. დილამდე ქეიფი და დილას, ასე 9 საათზე, წამოვედი. ნაწვიმარი შავი ასფალტი და ვაწვები ფეხით თბილისისკენ. არ დაველოდე ჩემებს. თან უკან ვიყურები, იქნებ ვინმემ გამოიაროს. მოქრის შავი „ვოლგა“. ხელი დავუქნიე. არაფერი რეაქცია და ასი მეტრის გავლის მერე გაჩერდა. მე ჯერ ნელა მივდივარ. მანქანა დგას. გავიქეცი და გამოვაღე წინა კარი. მძღოლს ვეუბნები, თბილისში ჩამიყვანე-მეთქი. არაფერი მითხრა. „ზნაჩიტ“, თანახმაა. ჩავჯექი და დაიძრა. დიდი მადლობა-მეთქი. გამოიხედა და კვლავ არაფერი პასუხი. ჩავედით ქალაქში. საბურთალოზე იქნებ გამიყვანოთ-მეთქი. წავიდა. სახლთან გააჩერებინე და 3 მანეთს ვაწვდი. გამოიხედა და არაფერს მეუბნება. ჩავიყავი ჯიბეში ხელი და 5 მანეთი ამოვიღე და ვაძლევ. არაფერს მეუბნება. ბიძია, აიღე-მეთქი. უცებ უკანა სავარძლიდან ვიღაცის ხელი დამედო მხარზე. „ჩადი, შვილო!“- მეუბნება ვიღაც. მოვიხედე და შოთა გორგოძე მიყურებს. დღეს მისი გარდაცვალება გავიგე. ნათელში იყავით, ბატონო შოთა!“ - წერს ლევან თაქთაქიშვილი.