შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ შოთა გორგოძის გარდაცვალებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი გენერალური დირექტორი გია ჭანტურია სოციალურ ქსელში ეხმაურება და მასთან შეხვედრას იხსენებს.
„1988 წლის 9 მაისია. უბნის ბიჭებმა გადავწყვიტეთ, ღამე სსრკ დროშები ჩამოგვეხია, რომლებიც ბოძებზე იყო დამაგრებული. გამოვიქცეოდით, ავხტებოდით და ჩამოვხევდით. ბევრი ჩამოვხიეთ და აი, გამოფენის ბაღთან რომ ვართ მისულები, „ვოლგა 31“ გაჩერდა, და „ადიდასებში“ ჩაცმული შოთა გადმოვიდა - რას აკეთებთო? დროშებს ვხევთ-მეთქი! მერე ეს ხომ მამა-პაპათა სისხლშია ამოვლებულიო. არა-მეთქი, ჩემი მამა-პაპის სისხლში სამფეროვანი ქართული დროშაა ამოვლებული-თქო... და სადამდე აპირებთ ამის კეთებასო. ვუთხარით, რომ ჩვენს უბანში, აგერ რადიოქარხნამდე-თქო, სულ 7 თუ 8 დროშა იყო დარჩენილი. კაი, ბიძიკო, მაშინო, სანამ აქ ვარ, მიდით უცებ, თორემ დაგიჭერთ ვიღაცა და მერე ჩემი გამოსაშვებები იქნებითო... ასე გვიყურა, სანამ ჩამოვხევდით ჩვენ ჩამოსახევ დროშებს და მერე წავიდა... ღმერთმა აცხონოს!“ - წერს გია ჭანტურია.