ავტორი ალა გრიგალაშვილი
„რა კითხვებიც დაისმება საზოგადოების მხრიდან, მითუმეტეს, თუ ისინი დაკავშირებულია გარკვეულ გადაცდომებთან, გამოძიებული უნდა იყოს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ საგარეჯოს არჩევნების საქმეზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით საუბრისას „რეპორტიორს" განუცხადა.
პარლამენტარის თქმით, დღეს სასამართლო და პროკურატურა თავისუფალია და პროცესიც ობიექტურად წარიმართება. რაც შეეხება საკითხს, უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრი გამოძიების მიმდინარეობისას, ნიშნიანიძე ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.
„ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას, არ მგონია, ხიდაშელმა გამოძიებაზე ზეგავლენა მოახდინოს, ხოლო, თუ ამის ნიშნები გაჩნდა, ვერ გეტყვით... თუმცა, ამის საშიშროებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ.
აქვე ვიტყვი, პოლიტიკოსების მოწოდება კი არ უნდა იყოს ამა თუ იმ მინისტრის გადადგომის საფუძველი, არამედ გამოძიების, რომელსაც გაუჩნდება კითხვები კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ. კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს ყველამ - მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა თუ სხვამ. ჩვენ ასე თუ ისე შევძელით, სასამართლო და გამოძიება გაგვეთავისუფლებინა წნეხისგან. სასამართლო და პროკურატურა დღეს თავისუფალია. გაუჩნდებათ კითხვა? კი ბატონო, პასუხი გამოძიებას უნდა გასცეს ნებისმიერმა პირმა", - განაცხადა პარლამენტარმა.