„ის, რაც გუშინ ბატონმა ნიკა გვარამიამ იკადრა, ბევრი ტალახი ისროლა გუშინ პირადად მან“, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გაკეთებულ შეფასებას გადაცემა „მთავარ აქცენტებში“.
„ის, რაც გუშინ ბატონმა ნიკა გვარამიამ იკადრა, პირადად ჩემ მიმართ - მე მიჩვეული ვარ ტალახის სროლას იმიტომ, რომ დიდი გზა მაქვს გავლილი და ტალახიც უსვრიათ - ვიღაცას ვუქივარ, ვიღაცას... ასე შემდეგ.
ძალიან ტოლერანტული ვარ იმიტომ, რომ ვიცი, ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ამ დროს შეიძლება ტალახიც გესროლონ, მაგრამ ცუდია, როდესაც დაუმსახურებლად გიკეთებენ ამას. ბევრი ტალახი ისროლა გუშინ პირადად მან. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ექიმებს, ვინც იქ ისხდნენ, იმ გადაცემაში და არცერთი არ აჰყვა. ისინი არიან პროფესიონალები. მას სურდა, რომ მე ჩავეთრიე. გუშინწინ, როდესაც ნიკა მელაპარაკა, დავთანხმდი, რომ მივიდოდი მასთან ეთერში და ვისაუბრებდი, როგორც თქვენთან ერთად და ბევრ ეთერში ვსაუბრობ. ვისაუბრებდი იმაზე, რა პროცესებიც დღეს მიმდინარეობს, რას ვაკეთებთ, რას ვერ ვაკეთებთ, რა გვიჭირს, რაში გვინდა დახმარება, ღია ვართ. დავთანხმდი ამაზე, ოღონდ პირობით, რომ ამ შოუს არ ექნებოდა პოლიტიკური სარჩული. ავუხსენი მას, რომ 2004 წლიდან, როდესაც დავტოვე პოლიტიკური თანამდებობები, აღარ ვაკეთებ პოლიტიკურ კომენტარებს. არ მინდა პოლიტიკაში ჩართვა. ძალით უნდოდათ გუშინ ჩემი იქ პოლიტიკურ დისკუსიაში ჩართვა და დადგეს მერე პოლიტიკური შოუ, რაც ნახეთ.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დღეს ყველა ერთმანეთის სოლიდარულნი ვართ და უნდა ვიყოთ. ეს ზეპარტიული საკითხია. მე ნაწყენი ვიყავი მათზე, როდესაც იქ ჩაფლავება და ჩავარდნა თქვეს ჩვენს ყველაზე დიდ პროგრამაზე, ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია ყველგან. განსაკუთრებით მეწყინა, როცა ლუგარის ცენტრზე გაისეირნეს კიდევ ერთხელ. ნახეთ, როგორ მუშაობს ეს ცენტრი, როგორი დატვირთვით მუშაობს. მოგცემთ მთელ ისტორიას იმისა, როგორ დაიწყო ლუგარის ცენტრი და ეს დიდი პროგრამა ქვეყანაში. ვინ იდგნენ იმის სათავეებში პროგრამის დაწყების. ვინ იყვნენ გადამწყვეტი პირები, ვინც ეს უზარმაზარი სიმდიდრე საქართველოს მოუტანა და დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოდის და იბრალებს, რომ მე, მე, მე. არასოდეს მე და პაატას არ გვითქვამს, რა წვლილი გვაქვს შეტანილი თავის დროზე, როცა ყველა ცუდად ახსენებს. დაწყებული 2000-2001-2002, 2003 და ასე და ასე შემდეგ, როცა ეს ყველაფერი იწყებოდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.