ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე უძღვებოდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა. მან კომიტეტის წევრებსა და განხილვაში მონაწილე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კანონპროექტის ზოგადი დებულებები გააცნო და აღნიშნა, რომ იგი საქართველოსთვის საკმაოდ მაღალ სტანდარტს ადგენს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვისთვის. მისი თქმით, კანონპროექტი მოიცავს ბევრ სექტორს და სფეროს საზოგადოებრივი ცხოვრების, მაგრამ რაც გამაერთიანებელი აქვს ისაა, რომ ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელია, უნდა უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა თანასწორად საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობის მინიჭება. მიხეილ სარჯველაძის თქმით, ეს არის განმსაზღვრელი პრინციპი და ამოცანა, რომელსაც მიზნად ისახავს ეს საკანონმდებლო აქტი.
კანონპროექტი მიზანად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების აღმოფხვრას.
მომხსენებლის თქმით, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმოქმედებს ერთიანი, სისტემური საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების კონკრეტულ მექანიზმებს, ინსტიტუციების მიხედვით დაადგენს ვალდებულებებს შესაბამის სფეროში სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მათში მოცემული ღონისძიებების დროის განსაზღვრულ მონაკვეთში განხორციელების შესახებ და დანერგავს კონვენციის იმ სტანდარტებს, რომლითაც ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით.
გარდა იმისა, რომ მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა კანონმდებლობის სიახლეებზე და აღნიშნა, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას ისეთი სერვისების შემოღებით, როგორიცაა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისები და პერსონალური ასისტენტის მომსახურება. კანონპროექტი მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი სასამართლოს გზით უფლებების რეალიზების თვალსაზრისითაც.
მან ასევე დეტალურად უპასუხა განხილვაში მონაწილეთა კითხვებს და კანონპროექტის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოხატა.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი ინათამიშვილის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ მართლაც დიდი მუშაობა გასწია ამ კანონპროექტის შემუშავებისათვის, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავრობამ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ საკანონმდებლო ინიციატივას. მისივე თქმით, ბევრი მნიშვნელოვანი სიახლეა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა უფლებების რეალიზებისათვის, თუმცა არის ცალკეული საკითხები, რომლებიც მეტ დახვეწას საჭიროებს. თავის მხრივ, რატი იონათამიშვილმაც შესთავაზა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და შშმ აქტივისტებს თანამშრომლობა.
საბოლოოდ, კომიტეტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტს, პრინციპების დონეზე, მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა ამავე სხდომაზე ორ საკანონმდებლო წინადადებაზეც იმსჯელა, რომლებსაც მხარი არ დაუჭირა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (ირაკლი პეტრიაშვილი) წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მინიმალური ხელფასის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს ეხებოდა, ხოლო მოქალაქე დავით ათანაშვილის საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს უკავშირდებოდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღესვე მიიღო გადაწყვეტილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც კომიტეტის წინა სხდომაზე მწვავე დისკუსიის ფონზე განიხილეს. მაშინ კენჭისყრა გადაიდო.
კანონპროექტზე კენჭისყრის წინ დისკუსია დღესაც გაიმართა. საქმე ისაა, რომ ცვლილების მიხედვით, კანონის უკვე მოქმედ ნორმას, რომელიც თამბაქოს ნაწარმის 50 და 100 გრამიან საფუთავებით რეალიზებას გულისხმობს, დაემატება 15 გრამიანი საფუთავიც, რაც ზოგიერთი დეპუტატის განცხადებით, ეწინააღმდეგება თამბაქოს წინააღმდეგ მიმართულ იმ პოლიტიკას, რაც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა წამოიწყო და რაც თამბაქოს ხელმისაწვდომობის შემცირებას გულისხმობს. ეს საკანონმდებლო ცვლილება ეწინააღმდეგება ასევე საერთაშორისო კონვენციას და ევროდირექტივასაც, რომლის თანახმად, მინიმალურ რაოდენობას 30 გრამიანი საფუთავი წარმოადგენს.
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძის განცხადებით, ეს კანონპროექტი კონკრეტული ბიზნეს ჯგუფების ინტერესებს ემსახურება, ამავე დროს მისი მიღება ნიშნავს უარის თქმას კომიტეტის მიერ თამბაქოს წინააღმდეგ გამოცხადებულ პოლიტიკაზე.
საბოლოოდ, კომიტეტმა კენჭისყრით მხარი დაუჭირა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.